გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვირუსები, რომლებიც მომხმარებლის კომპიუტერში პროგრამებს მალულად აინსტალირებს

6-11-2017

"მესამე პირს შეუძლია მომხმარებლის მიერ კლავიატურაზე აკრეფილი ინფორმაციის წაკითხვა"



რა არის კომპიუტერული ვირუსი, საიდან ჩნდებიან ისინი, რა ზიანის მოტანა შეუძლია მათ, რა საფრთხეს შეიძლება წავაწყდეთ საინფორმაციო მაგისტრალზე – ეს ის საკითხებია, რომლებიც კოპიუტერული ტექნიკის მოსარგებლე პირებს ხშირად აწუხებთ.

ვირუსების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. როგორ მივხვდეთ როდის გვაქვს მათთან საქმე და რა უნდა გავაკეთოთ თავის დასაცავად. ამ და სხვა საკითხებზე "ქუთაისიპოსტს" "ინტერნეტის განვითარების ინიციატივის" გამგეობის თავმჯდომარე, ვლადიმერ სვანაძე ესაუბრება.



– პირველ რიგში რომ გვითხრათ, რა არის ვირუსები?

– ზოგადად კომპიუტერული ვირუსი არის სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც შეუძლია გამრავლდეს და დააზიანოს როგორც კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა, ისე თავად კომპიუტერული ტექნიკა.

– როგორ ჩნდებიან ვირუსები ან ვინ ქმნის მათ?

– ჩვეულებრივ, კომპიუტერული ვირუსები იქმნება თავად ადამიანების, პროგრამისტების მიერ და მათი გავრცელება ინტერნეტ ქსელის მეშვეობით წარმოებს. კერძოდ, ვებსაიტებზე შესვლა, მესენჯერის გამოყენება, პროგრამების გადმოწერა, ელექტრონული წერილის მიღება, ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობების, ვინჩესტერის, მობილურის, ფლეშდრაივის და ასე შემდეგ გამოყენება, შეიძლება გახდეს კომპიუტერული ვირუსის გავრცელების წყაროდ.

– რა ზიანის მიყენება შეუძლია კომპიუტერულ ვირუსს?

– ეს შეიძლება იყოს პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანება, კომპიუტერული ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა, მომხმარებლის პირადი მონაცემების მოპარვა, ინფორმაციის გადაქაჩვა, მუდმივი „მონიტორინგი“, თვალთვალი და ასე შემდეგ. მოკლედ, მომხმარებლის მხრიდან საჭიროა მეტი ყურადღების გამოჩენა კომპიუტერის უსაფრთხოების ზომების მიმართ.

ასევე, წაშალოს კომპიუტერში არსებული ყველა ფაილი, ისე რომ მათი აღდგენა თითქმის შეუძლებელი გახდეს. შეუძლია პროგრამული ფაილები, თავისი მავნე კოდის ინექციით, დაავირუსოს. გამოიყენოს თქვენი კომპიუტერი როგორც ბოტი, სამთავრობო და სხვა ორგანიზაციების სერვერებზე შეტევის მოსაწყობად, ამ დროს ფიქსირდება შემტევის (ანუ თქვენი) IP მისამართი. გამოიყენოს თქვენი კომპიუტერი მასობრივი კომპიუტერული გზავნილების (სპამი) დასაგზავნად;
მას, აგრეთვე, კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის, კერძოდ, ოპერაციული სისტემის, დაზიანება შეუძლია. ამასთანავე, თქვენს კომპიუტერს საკუთარი თავის გასამრავლებლად გამოიყენებს და დაშიფრავს ინფორმაციის შემცველ მოწყობილობებს.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვირუსის შესაძლებლობები არის შეუზღუდავი და ზევით მოყვანილი ჩამონათვალი შეიძლება მხოლოდ ნაწილი იყოს.

– რაც შეეხება მიზნობრიობას, რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს გამგზავნს, ვირუსის გამავრცელებელს?

– ანუ რა ამოძრავებს „დამნაშავეს“ . ეს შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთჯერადად მოპარვა, „პიროვნების მოპარვა“, მუდმივი „მონიტორინგი“ და თვალთვალი, კომპიუტერული ტექნიკის განადგურება თუ კიდევ სხვა.

– როგორ უნდა მივხვდეთ დავირუსებულია თუ არა კომპიუტერი?

– დავირუსებულია თუ არა კომპიუტერი ან რომელიმე ფაილი, შეიძლება გავიგოთ მარტივად, ანტივირუსის საშუალებით, რომლის დაყენება აუცილებელია. ასევე, ამას შეიძლება მივხვდეთ თუ სისტემა „ჭედავს“, ან ქსელში ზედმეტი „ტრაფიკი“ გადის და ახლობლები თქვენგან ელ.ფოსტით იღებენ უცნაურ წერილებს.

– რომელია ყველაზე გავრცელებული და საშიში ვირუსი?

– კომპიუტერული ვირუსების სხვადასხვა სახეობები არსებობს: ტროიანი (Trojan), რუთკიტი (Rootkit), ბექდორი (Backdoor), ვორმი (Worm, იგივე ჭია ვირუსი). ყველა მოცემული კომპიუტერული ვირუსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯაშუშური მიზნებისთვის. მაგალითად, ბექდორი (Backdoor) არის ჯაშუშური პროგრამა, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ ინფორმაციის მიტაცებისთვის, არამედ კომპიუტერის უკანონოდ სამართავადაც. მას ცალკე არსებული ადმინისტრაციული შესაძლებლობა აქვს, რომელიც თავს არიდებს სტანდარტულ უსაფრთხოების მექანიზმებს კომპიუტერული პროგრამების, კომპიუტერის ან ქსელის მალულად სამართავად. რაც შეეხება ვორმს (Worm), მისი ერთერთი სახეობა Agent.btz – snake, კიბერ შპიონაჟისთვის გამიზნული ადრეული ჭიავირუსია. ის თავის დროზე საკმაოდ ეფექტური იყო. ამერიკელ ექსპერტებს, 2008 წელს, თითქმის ერთი წელი დასჭირდათ მისგან სამთავრობო კომპიუტერული ქსელების გასაწმენდად (ოპერაცია Backshot Yankee). ასევე, Stuxnet იყო ანტიირანული ოპერაციის ნაწილი, რომლის მიხედვით სამიზნეს ცენტრი „ფუგა“ წარმოადგენდა.

საინტერესო კომპიუტერულ ვირუსს წარმოადგენს ტროიანი (Trojan), რომელსაც აქვს უნარი შეასრულოს სასურველი ფუნქცია და მომხმარებლის კომპიუტერულ მონაცემებზე წვდომა გაამარტივოს. მისი მიზანი არაა სხვა ფაილებში შეღწევა ვირუსის მსგავსად. ტროიან ვირუსებს შეუძლიათ მოიპარონ ინფორმაცია ან ავნონ კომპიუტერულ სისტემას. იმისათვის, რომ მიაღწიონ სასურველ კომპიუტერამდე, მათ შეიძლება Drive Downloads გამოიყენონ ან თავიანთი ონლაინ თამაშები SunInternet აპლიკაციების მეშვეობით დააინსტალირონ. მისი ერთერთი სახეობას Trojan-Spy - ტროიან ჯაშუში, რომელიც მომხმარებლის კომპიუტერში მალულად პროგრამებს აინსტალირებს. ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, keyloggers, რის საშუალებითაც მესამე პირს შეუძლია მომხმარებლის მიერ კლავიატურაზე აკრეფილი ინფორმაციის წაკითხვა.

– და ბოლოს როგორ დავიცვათ თავი კომპიუტერული ვირუსებისგან?

– ამისათვის საჭიროა, დაცვის ლიცენზირებული პროგრამები, ანტივირუსები დავაყენოთ. ასევე, აუცილებელია სხვა ლიცენზირებული პროგრამების დაყენება, არ გავხსნათ საეჭვო წერილები, რომლებიც ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოდის. აგრეთვე, საეჭვო ვებგვერდებზე არ უნდა შევიდეთ, უცხო ადამიანები საკუთარ კომპიუტერზე არ დავსვათ და ჩვენი პაროლი არავის მივცეთ. ყოველი ახალი გადმოწერილი ფაილი უნდა დასკანერდეს ანტივირუსული პროგრამის საშუალებით, პერიოდულად უნდა მოხდეს ოპერაციული სისტემისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, ასევე გადაყენდეს ვინდოუსი. ნუ ენდობით ინტერნეტში არსებულ ამა თუ იმ სარეკლამო განცხადებს. თუ თქვენ არ გყოფნით კომპეტენცია ან თქვენს თავში არ ხართ დარწმუნებული, ყოველთვის დახმარებისთვის მიმართეთ სპეციალისტებს. ეს არის იმ რეკომენდაციების მცირე ჩამონათვალი, რომელიც ყოფით დონეზე შეიძლება მომხმარებელმა გამოიყენოს კომპიუტერთან მუშაობის დროს.


წყარო: ქუთაისი პოსტი