2-06-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ასოცირებული პროფესორის, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის სახელმძღვანელოს „საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ეს არის საერთაშორისო გარემოსდაცვით სამართალში პირველი სახელმძღვანელო, რომელიც ქართულ ენაზე გამოიცა. მაია ბითაძე იყო პირველი პროფესორი, რომელმაც ეს კურსი, როგორც სასწავლო დისციპლინა, ჩვენს სტუდენტებს იურიდიულ ფაკულტეტზე შესთავაზა. საერთაშორისო გარემოსდაცვით სამართალში დღეს ძალიან ბევრი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს, დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, თანამედროვე კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ ნაშრომს ქართულ ენაზე გაეცნოს“, -განაცხადა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ზარანდიამ.
პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ახალი სახელმძღვანელოების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია დარგის და ზოგადად, აკადემიური სისტემის განვითარებისთვის. თვითონ დარგი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი - გარემოსდაცვითი სამართალი, მისი საერთაშორისო განზომილება, აქამდე ჩვენ ამ მიმართულების სახელმძღვანელო არ გვქონდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საერთაშორისო სტანდარტების სახელმძღვანელო მაია ბითაძემ მოამზადა, რაც ამ დარგის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის თქმით, წიგნში მოცემულია გარემოს დაცვის კუთხით ფაქტობრივად, ყველა მიმართულება: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, წყლის რესურსები, ნარჩენების მართვა.
„წიგნში მოცემულია ასევე, რაც მთავარია, კონვენციები, ხელშეკრულებები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახლა ასრულებს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებაა, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სახელმძღვანელოს ავტორის, მაია ბითაძის განცხადებით, წიგნი საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ძირითად პრინციპებს, სუბიექტებს, წყაროებს განმარტავს.
„მათ შორის, სახელმძღვანელოში ასახულია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება - ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები, კავშირი ჯანსაღ ცხოვრებასა და გარემოს დაცვას შორის. ვფიქრობ, წიგნი საინტერესო იქნება, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე ძალიან გამოსადეგი იქნება, როგორც ქართულენოვანი ლიტერატურა იმისთვის, რომ მომავალი იურისტები აღვზარდოთ, რომლებმაც გარემოსდაცვითი საერთაშორისო სამართლის საფუძვლები კარგად იციან“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
თსუ-ს ცნობით, 2015 წლიდან დღემდე, მაია ბითაძე ორჯერ იქნა არჩეული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) - ორჰუსის კონვენციის (კონვენცია გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოს დაცვის სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ) მხარეთა შეხვედრის ბიუროს თავმჯდომარედ და ორჰუსის კონვენციის მხარეთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ. სახელმძღვანელოში „საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი“ მოცემულია საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ისტორია, ასევე, დეტალური ინფორმაცია გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე საერთაშორისო ინსტიტუტების, ამ სფეროში მიღებული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და მათი აღსრულების მექანიზმების შესახებ.