გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„იპოვე ფილმის გასაღები" - www.mediatsigniereba.ge -ზე მედიაწიგნიერების ახალი პროექტი კომუნიკაციების კომისიისგან

3-06-2022

კომუნიკაციების კომისიამ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების ახალი პროექტი, - „მედიის გასაღები" დაიწყო. ეს არის ფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხაზს უსვამს ფილმების პოზიტიურ შინაარსს და მოზარდებს ფილმებისა და მულტფილმების გააზრებაში ეხმარება. „მედიის გასაღები" ევროკომისიის მიერ აღიარებული პროექტია, რომელიც მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას ფილმების ანალიზით უწყობს ხელს. www.mediatsigniereba.ge -ზე უკვე განთავსებულია 50-ზე მეტი ფილმის შესახებ საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის პროფესიონალი ფსიქოლოგებისა და კინომცოდნეების მიერ არის შემუშავებული. თითოეულ ფილმს აქვს ინდივიდუალური აღწერა და რეკომენდაციები, იმის შესახებ, თუ რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია კონკრეტულ ფილმსა თუ მულტფილმს მოზარდის შემდგომ განვითარებაზე.
 
მედიაწიგნიერების პროექტი „მედიის გასაღები"  მშობლებსა და მასწავლებლებს ხელს შეუწყობს, განსაზღვრონ მათი შვილების ასაკისთვის შესაფერისი ფილმები, გამართონ მათთან დისკუსია და განიხილონ ფილმის პოზიტიური შინაარსი. ამასთან, პროექტი მოზარდებს მედიაწიგნიერების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარებს განუვითარებს.
 
www.mediatsigniereba.ge-ზე ყველაზე პოპულარული ქართული და უცხოური ფილმისა და მულტფილმის ტრეილერია განთავსებული, რომელიც სპეციალური ასაკობრივი კატეგორიების მიხედვითაა დაყოფილი. ფილმების შესახებ ინფორმაცია აღწერას, რეკომენდაციებსა და ფილმის შინაარსის პოზიტიურ და ნეგატიურ მიმოხილვას მოიცავს. ონლაინ სივრცეში თავმოყრილია ფილმები ოთხი ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის: სკოლამდელი ასაკის - 4-6 წლამდე ბავშვებისთვის, დაწყებითი კლასების - 7-9 წლამდე მოსწავლეებისთვის, ასევე, 10-12 წლამდე და 13-15 წლამდე მოზარდებისთვის.
 
ფილმების მიმოხილვა რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს: პირველი განსაზღვრული აუდიტორია,  კერძოდ, ვინ დაინტერესდება კონკრეტული ფილმით და მისი შინაარსით, ვისთვის არის ფილმი სარგებლის მომტანი;  მეორე აქცენტია, რა პოზიტიურ შინაარსს შეიცავს ფილმი და რამდენად დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია მას მოზარდის განვითარებაზე; ასევე, შემოთავაზებულია ფილმის დეტალური განხილვა - რა არის ფილმის მთავარი თემა, რაზეც მისი ყურების შემდეგ ბავშვებმა და მშობლებმა ერთად უნდა იმსჯელონ. 
 
„მედიის გასაღები" მოზარდებს საშუალებას აძლევს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნებით, მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით, ყურადღება გაამახვილონ დასაფიქრებელ სცენებზე, რომლებიც მათ მომავალში წარმატების მიღწევასა და განვითარებაში დაეხმარება. მოზარდები თავად შეძლებენ დამოუკიდებლად აღმოაჩინონ და განსაზღვრონ ინფორმაციის სანდოობა, გამოიტანონ ვიზუალური და აუდიო შინაარსიდან საჭირო ინფორმაცია, შეაფასონ მთავარი სათქმელი და მედია პროდუქტის არსი.