30-05-2018
2018 წლის 29 მაისს, სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგია, რითაც ასადის რეჟიმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას; უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გამართლებულად მიგვაჩნია პროცედურების დაწყება სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.
მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, განიხილოს აღნიშნული საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობასთან, თანამშრომლობის ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებით.
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ.