გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სკოლებში პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირების მეორე ეტაპი დასრულდა

4-06-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ მეორე ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

 

შემაჯამებელ შეხვედრაზე თამარ მახარაშვილმა პროგრამაში ჩართულ მხარეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მოსწავლეებში უსაფრთხოების საკითხებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სკოლის ექიმი საგანმანათლებლო პროცესშიც ჩაერთვება და შესაბამისად მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება, პროფესიონალისგან მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: ჰიგიენის ნორმებისა და პირადი სივრცის დაცვა, ჯანსაღი კვება, კონფლიქტების მართვა, თანატოლებთან ურთიერთობა, უცხო ადამიანებთან მოქცევის წესი და გენდერული საკითხები.


პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირება საქართველოს 12 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში მომზადდა UNESCO-ს სტანდარტებთან შესაბამისი საგაკვეთილო გეგმები კონკრეტული კლასებისთვის. აღნიშნული სასწავლო გეგმები, სხვადასხვა აქტივობების შემუშავებასთან ერთად, საგანმანათლებლო პროცესში საკითხავი მასალების, რესურსებისა და შესაბამისი გზამკვლევის გამოყენებას ითვალისწინებდა.

 

ღონისძიებაზე პროგრამის პილოტირებაში ჩართული სკოლების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოებას „ექიმის საათის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნეს.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, ორგანიზაცია „თანადგომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო წერეთელმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა.