6-06-2022
კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშში მედიააკადემიის მედიასკოლის, მედიაკრიტიკისა და მედიალაბის საქმიანობა დეტალურადაა შეჯამებული. საუბარია ასევე მედიააკადემიის გეგმებზე. 2021 წლიდან მედიააკადემიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი, შორენა შავერდაშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც დავით კაკაბაძე შეცვალა.კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშში მედიააკადემიის მედიასკოლის, მედიაკრიტიკისა და მედიალაბის საქმიანობა დეტალურადაა შეჯამებული. საუბარია ასევე მედიააკადემიის გეგმებზე. 2021 წლიდან მედიააკადემიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი, შორენა შავერდაშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც დავით კაკაბაძე შეცვალა.
ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მედიააკადემიის მედიასკოლამ როგორც დამწყები, ისე მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის პანდემიის პირობებშიც გააგრძელა მუშაობა. ამასთან, 2021 წელს მედიააკადემიის მედიასკოლამ, რომელიც გერმანული, კერძოდ ბავარიის მარეგულირებელი კომისიის, BLM-ის მოდელის მიხედვით შეიქმნა, პრაქტიკული სწავლებისთვის დაიწყო მზადება. ახალი სასწავლო პროგრამების დასაწყებად, მედიასკოლა აღიჭურვება უახლესი ტექნიკით და შეიქმნება მულტიფუნქციური რედაქცია, სადაც დამწყები ჟურნალისტები ისწავლიან როგორ იმუშაონ სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე, იქნება ეს ბეჭდური, რადიო, ტელე თუ ინტერნეტ მედია.
2021 წელს მედიასკოლამ ონლაინ ლექციების მეორე ციკლი დავით ჩხიკვიშვილის ვიდეო ლექციებით გააგრძელა. დავით ჩხიკვიშვილმა ოპერატორად მუშაობა 32 წლის წინ დაიწყო და გადაღებული აქვს მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი მოვლენები, ასობით დემონსტრაცია და არაერთი ომი. დავით ჩხიკვიშვილის სალექციო კურსი 6 მასტერკლასს მოიცავს, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორებიცაა ომისა და დემონსტრაციების გადაღება, ახალი ამბის გაშუქების ტექნიკა, საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ქართულ მედიასივრცეში პირველი ექსკლუზიური პროექტი − ონლაინმასტერკლასი მედიასკოლამ 2020 წელს დაიწყო, რომელიც ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უფასოდ მიიღონ ცოდნა და ისწავლონ ყველაფერი, რაც პროფესიულ ჟურნალისტს სჭირდება. მასტერკლასის პირველი ციკლი ოთხი ავტორის: ჟურნალისტ ეკა ბერიძის, დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის, ჟურნალისტ თამთა სანიკიძის და ფოტორეპორტიორ დავით მძინარიშვილის 30 სალექციო კურსს მოიცავდა. პროექტის დაწყების დღიდან ონლაინ ლექციებს მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. ონლაინ მასტერკლასი მომავალშიც გაგრძელდება.
მედიასკოლამ, დაარსებიდან, სხვადასხვა მიმართულებით 150-მდე მედიის წარმომადგენელი გადაამზადა. პანდემიის პირობებშიც, 2021 წელს მედიასკოლამ რამდენიმე სერტიფიცირებული სწავლება ჩაატარა და მედიის 50-მდე წარმომადგენელს კვალიფიკაცია აუმაღლა. ჟურნალისტებისთვის პრაქტიკული ტრენინგები ჩაატარეს ფოტოჟურნალისტმა დავით მძინარიშვილმა, რისკების მართვის ტრენერმა გიორგი კუპატაძემ და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა ირაკლი ანდრონიკაშვილმა. ჟურნალისტებთან ერთად იმუსავეს ასევე ფსიქოლოგმა რუსუდან გორგილაძემ და ჟურნალისტმა, სცენარისტმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერმა და დოკუმენტური სტუდია „ეპოქის" ხელმძღვანელმა ქეთევან სადღობელაშვილმა.
2021 წელს აქტიურად განაგრძობდა მუშაობას მედიაკრიტიკის პლატფორმა www.mediacritic.ge. მედიაკრიტიკა საზოგადოებას სთავაზობს სატელევიზიო და ონლაინმედიის კრიტიკას, რომლის მიზანია ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის მაღალკვალიფიციური ანალიზის მიწოდება და მეორე მხრივ, მედიის დახმარება პროფესიული სტანდარტის ამაღლებაში. უკვე მესამე წელია მედიაკრიტიკა პროფესიონალ ჟურნალისტებთან და მედიის ექსპერტებთან ერთად შემუშავებული სარედაქციო კოდექსის საფუძველზე მუშაობს და მკითხველს რეპლიკას (მცირე ფორმატის კრიტიკული სტატია, რომელიც ძირითადად ეხება ყოველდღიურ ახალ ამბებში აღმოჩენილ დარღვევებს), რეცენზიას (ანალიტიკური სტატია, რომელიც მოიცავს ერთი ან რამდენიმე მედიაპროდუქტის ანალიზს) და ბლოგს (საავტორო ხასიათის ანალიტიკური სტატია) სთავაზობს. 2021 წლის განმავლობაში პლატფორმაზე 215 მასალა გამოქვეყნდა, საიდანაც 149 მედიაკრიტიკის მუდმივ ავტორებს, ხოლო 66 - მოწვეულ ავტორებს ეკუთვნის. მედიაკრიტიკის ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ მასალებს დაარსების დღიდან 2 700 000-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო. მხოლოდ 2021 წელს მედიაკრიტიკის პლატფორმაზე 300 000-მდე ვიზიტორი შევიდა, ხოლო სოციალურ გვერდს 5,800 გამომწერი დაემატა.
რაც შეეხება მედიააკადემიის კიდევ ერთ მიმართულებას მედიალაბს - ეს არის ფიზიკური და ვირტუალური სივრცე სტარტაპერებისთვის, რომლებიც ცდილობენ ინოვაციური გადაწყვეტების შექმნას ციფრული მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ასევე, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგისა და ვირტუალური რეალობის სფეროში.
2021 წელს მედიალაბმა სტარტაპიდეების კონკურსი „იდეადრომი" ორჯერ წარმატებით ჩაატარა. „იდეადრომი" ეს სწრაფი აქსელერაციის პროგრამაა, სადაც სტარტაპები არა მხოლოდ ეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ გადიან ტრენინგებს, მუშაობენ მენტორებთან და დგამენ პირველ ნაბიჯებს საკუთარი სტარტაპების განვითარებისთვის. იდეადრომის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.
„იდეადრომის" გარდა, მედიალაბი სტარტაპერებს აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამას სთავაზობს, რომლის მიზანია ასევე, სტარტაპერებს იდეის დახვეწაში, დაფინანსების მოზიდვასა და პროდუქტის ბაზარზე გატანაში დაეხმაროს. 2021 წელს მედიალაბის აქსელერაცია ათზე მეტმა სტარტაპმა გაიარა. მედიალაბი მათ დაეხმარა იდეა ექციათ რეალურ პროდუქტად მაქსიმალურად სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით. 500-ზე მეტი საათი, რომელიც აქსელერაციის პროგრამაში ჩართულ სტარტაპერებთან ინტენსიურ კონსულტაციებს დაეთმო, სავსე იყო გამოწვევებითა და სიახლეებით.
2021 წელს მედიალაბმა ონლაინ ტრენინგები ჩაატარა და 500-ზე მეტი ახალგაზრდა გადაამზადა, თუ როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ სტარტაპი. მედიალაბის მიერ ჩაატარა ტრენინგები ასევე საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის Nasa Space App Challenge და Techstar Startup Week ღინისძიებების ფარგლებში.
მედიალაბი მუდმივად ქმნის საგანმანათლებლო და საინფორმაციო სტატიებს საკუთარი აუდიტორიისათვის www.medialab.ge -ზე, სადაც განთავსებული ონლაინრესურსების და სტატიების მიზანია, აამაღლოს ციფრული მედიის სფეროს ცნობადობა, განავითაროს ციფრული წიგნიერება და პოტენციურ სტარტაპერებს გააცნოს ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს ადგილობრივ თუ გლობალურ გარემოში. 2021 წელს www.medialab.ge -ზე გამოქვეყნდა 120-ზე მეტი სტატია, რომლებსაც 200 ათასზე მეტი ნახვა ჰქონდა. მედიალაბის პოსტებს კი სოციალურ ქსელში 1.3 მილიონამდე წვდომა ჰქონდა.