გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

არჩილ თალაკვაძე: დღეს რაც მოვისმინეთ ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან, ეს არის თვალთმაქცობის კიდევ უფრო მაღალი დონე

7-06-2022

„დღეს რაც მოვისმინეთ ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან, ეს არის თვალთმაქცობის კიდევ უფრო მაღალი დონე -  წინა სესიაზე  მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ საქართველოსთვის სტატუსის უპირობოდ მინიჭებას ორი პოლიტიკური ჯგუფის -  „გირჩის" და „ევროპელი სოციალისტების" გარდა, არცერთმა ოპოზიციონერმა მხარი არ დაუჭირა. თავის სამშობლოს უყენებენ პირობებს ეს ადამიანები და აქ ჩვენ გველაპარაკებიან ევროპულ ფასეულობებზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


არჩილ თალაკვაძე ძალადობის წახალისებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველი გუნდი გმობს და რეაგირებს ძალადობაზე.


„ სინამდვილეში ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვრეაგირებთ ძალადობაზე. აქაც, პოლიციამ დროულად იმოქმედა და დაიცვა ეს ადამიანები ძალადობისგან. ძალადობის წახალისება სინამდვილეში არის ის, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ. როდესაც მთავარ მოძალადეს აცხადებთ თავისუფალი მედიის მენეჯერად, როდესაც ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებში ბრალდებული ადამიანი გმირად გამოგყავთ საქართველოს საზოგადოების და ევროპის წინაშე. როდესაც პოლიტიკურ გუნდში დაპატიჟეთ ის ხალხი, რომლებსაც ყველაზე მძიმე ძალადობებში აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის ძალადობის წახალისება.  ბერძენიშვილები რომ „ნაციონალური მოძრაობის" მეორე სიხშირე არიან და რომ გადართავენ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მაქედან ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს ისტორიაზე, საქართველოს ეკლესიაზე, ეროვნულ ღირებულებებზე და ყველა იმ ფასეულობებზე, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა, ეგ საზოგადოებამ კარგად იცის. ეს არის იგივე „ნაციონალური მოძრაობის" მეორე სიხშირე, მეორე არხი. რასაც ვერ ამბობს „ნაციონალური მოძრაობა", ამ შემთხვევაში, ამბობენ ძმები ბერძენიშვილები. და უტიფრად კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ, რომ ძალადობას თქვენ ახალისებთო",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანას პრობლემებზე მუშაობა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ოპოზიცია 7 თვის განმავლობაში, ბოიკოტის რეჟიმში იყო.


„თქვენ რა პრობლემებზე მუშაობთ? ყველაზე მაგრად როცა სჭირდებოდა  ჩვენს ქვეყანას, 7 თვის განმავლობაში, იყავით ბოიკოტში. პრობლემები მაშინ გვქონდა, თუ გვქონდა - იყო პანდემია ეკონომიკური რეცესია. პარლამენტის ამუშავება ძალიან სჭირდებოდა სახელმწიფოს და ქვეყანას, რეფორმები მაშინ იყო გასატარებელი, კანონები მისაღები და თქვენ 7-8 თვე საბოტაჟს უწყობდით საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარი ქვეყნის პარლამენტს. რა საქმეზე მელაპარაკებით საერთოდ და რა პრობლემებზე? რომელ პრობლემაზე ისაუბრეთ აქ, რომელ მინისტრს დაუსვით პრობლემებთან დაკავშირებით კითხვები, აქ რომ მოსულები იყვნენ?",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა ოპოზიციონერი კოლეგის, კახა ოქრიაშვილის განცხადებასაც.


„კახა ოქრიაშვილის გამკვირვებია - 8 წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებაში" იყო და ახლა აცხადებს, რომ უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება" რომ ეს ან ის გააკეთოსო. არ შეიძლება ასეთი არათანმიმდევრულობა. იმიტომ აგებთ ყველა არჩევნებს, რომ არათანმიმდევრულები ხართ და მერე ცდილობთ, არჩევნების გვერდის ავლით შეხვიდეთ პოლიტიკაში და ქუჩაში მოაწყოთ არეულობები",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის წინა სესიაზე საკუთარი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი არ დაუჭირა.


„გუშინ მთელმა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი საქართველოს ევროინტეგრაციას. კარგად დავინახეთ, რომ წინა სესიაზე მხარი არ დაუჭირეთ საკუთარი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას და მერე დაიწყეთ ევროპაში სიარული და იქიდან პიარ ჩართვები, რომ ვითომ გული შეგტკივათ საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რაშიც გამხილეთ, რომ ამის წინააღმდეგ მუშაობდით თვეების განმავლობაში. ეს არის თვალთმაქცობა.


რაც შეეხება თავდასხმებს - თქვენ რომ ელჩებს ესხმით თავს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მთავრობებს აკრიტიკებთ და ღირებულებებს რომ არ სცემთ პატივს, ეგეთი ჯერ არავის არ უნახავს ამ ქვეყანაში. კიდევ აქეთ გაქვთ პრეტენზია, რომ ჩვენ ვესხმით ვინმეს თავს? სად ნახეთ, რომელ ევროპულ ღირებულებებს დაესხა თავს „ქართული ოცნება" თავს? კონსტიტუციაში ჩავწერეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. მხარი რომელმა დაუჭირეთ აქედან ამ კონსტიტუციას? რომელმა პარტიამ? არცერთმა. მაშინაც საბოტაჟში იყავით, როდესაც ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ეხებოდა საქმე და დღესაც იმავეს აკეთებთ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.


მისივე შეფასებით, ოპოზიციას, ნებისმიერ ფასად, ქვეყანაში არეულობის შემოტანა სურს.


„წააგეთ ბევრი არჩევნები, არ გაქვთ დემოკრატიული არჩევნების იმედი, არ გაქვთ ხალხის რეალური მხარდაჭერა, გინდათ, რომ ქვეყანა აირიოს ნებისმიერ ფასად. თუ ეს იქნება ომი, ეგეც მისაღებია თქვენთვის. ამიტომ, ევროპულ ღირებულებებზე აქ ნუ საუბრობთ ის ადამიანები, ვინც ყველაფერი ანტი ევროპული გააკეთეთ ამ ქვეყანაში. სასამართლოც დაქვემდებარებული გყავდათ, ადამიანის უფლებებსაც არღვევდით ზოგჯერ ტყეებში და ზოგჯერ ციხეებში, მედიასაც აკონტროლებდით ვერტიკალურად და სტრასბურგშიც 2000-მდე სარჩელი შემოდიოდა თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო თქვენი ევროპელობა. დღეს შეადარეთ დღევანდელი რეალობა მაშინდელს და მიხვდებით ყველაფერს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.