8-06-2022
თქვენს მიერ გალანძღული ჩვენი დიდი მეფეებიც და მათ შორის ერეკლე მეორეც, როდესაც თავდასხმით თუ თავდაცვით ომებს აწარმოებდნენ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად სწორედ იმ იდეებს და ღირებულებებს იცავდნენ, რომელსაც დღეს თქვენ ევროპულს ეძახით - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როდესაც საქართველოს დიდი მეფეები და სხვა პატრიოტები სიცოცხლეს წირავდნენ ქრისტიანობისთვის, სწორედ იმ ღირებულებებისთვის წირავდნენ თავს, რამაც ევროპულ ცივილიზაციას დაუდო საფუძველი.
"ქართული იდენტობა- საჯილდაო ქვა" რა არის ქართული იდენტობა საინტერესო დისკუსია გაიმართა გუშინ პარლამენტშიც, მედიაშიც და სოციალურ ქსელებშიც. აღმოჩნდა, რომ ვიღაცისთვის ქართული იდენტობა ილია ჭავჭავაძე, დავით აღმაშენებელი, მეფე ერეკლეა, ვიღაცისთვის - ევროპა. შეიძლება ქართული იდენტობა ვიღაცისათვის ქრისტიანული სარწმუნოება იყოს, ან „ვეფხისტყაოსანი“, ან სულაც, ქართული ღვინო და ა.შ. განსაკუთრებით გამოვყოფთ იმათ, ვისაც ქართულ იდენტობად ევროპა მიაჩნიათ.
ამ პოზიციით განსაკუთრებით ის ხალხი ყელყელაობს, ვინც ე. წ. „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედები, მონაწილენი ან „გამპრავებლები“არიან. იმ 9 წელშიც კარგად გვმოძღვრავდნენ ევროპული ღირებულებებით. გვახსოვს, დასავლეთში „დემოკრატიის შუქურასაც“ რომ ეძახდნენ სისხლიან, ტოტალიტარულ მმართველობას. ქართველი ხალხი, რომლებმაც, საკუთარ ზურგზე იწვნია ის "პროდასავლურობა", 9 წლიანი რეჟიმის სისასტიკე და უსამართლობა, გახდნენ ანტიდასავლეთელები.
დასავლეთი დღეს ისევ უკან გვტენის სადისტებს და გვეუბნება, მათ დროს საქართველოში „კარგი მმართველობა“ იყოო. ამ ვითომ მედასავლეთეების გასაგონად ვიტყვით, რომ საკუთარ წარსულზე უარის თქმა და მოდური იდეების გადაჭარბებული მსახურება (თუნდაც მხოლოდ სიტყვით) იმ ახალგზარდა ბოლშევიკებს და კომკავშირელებს გამსგავსებთ, რომლებიც ზუსტად 100 წლის წინ სრული სერიოზულობით მოითხოვდნენ, ბნელი წარსულის ყველა ნაშთი, სახელებიც კი უნდა მოვსპოთ და მაგალითად, თვეებს არა იანვარი, თებერვალი და ა. შ. უნდა ერქვას, არამედ ტრაქტორი, კომბაინი, ნამგალი, ურო და ასე შემდეგო. მეფის მიერ დაგებულ რკინიგზაზე კომუნიზმის მატარებელმა როგორ უნდა იაროს, ავყაროთ და ჩვენ ჩვენი ლიანდაგები დავაგოთო. თქვე "კეთილშობილებო", ის მაინც თუ იცით, რომ სწორედ ქრისტიანული სულიერება და კულტურა დაედო საფუძვლად ევროპული ლიბერალური ღირებულებების ჩამოყალიბებას?
როდესაც საქართველოს დიდი მეფეები და სხვა პატრიოტები სიცოცხლეს წირავდნენ ქრისტიანობისთვის, სწორედ იმ ღირებულებებისთვის წირავდნენ თავს, რამაც ევროპულ ცივილიზაციას დაუდო საფუძველი. მერე რა, რომ დღეს იმ ევროპაშიც ბევრმა დაამახინჯა ლიბერალიზმის არსი, ეგრე ხომ ქრისტიანობის არსიც წლების მანძილზე არაერთმა სექტამ დაამახინჯა.
იქნებ ცოტა თავი გაანძრიოთ და დაფიქრდეთ, რატომ უდრიდა მთელი ისტორიის მანძილზე ქრისტიანობის დაცვა სწორედ ქართველობის დაცვას. თუ თავის განძრევითაც ვერ მიხვდებით, ჩვენ გეტყვით: დღეს არც თურქეთში, არც ირანში და არც მუსულმანური აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში (ეგვიპტე, სირია, ერაყი...) მცხოვრები ეთნიკურად ქართველი სამწუხაროდ, აღარ არის მენტალურად ქართველი. რომ არა აჭარის, საქართველოს წიაღში 150 წლის წინ დაბრუნება, აჭარელი ქართველებიც ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში იქნებოდნენ, როგორშიც დღეს ლაზები და ფერეიდნელები არიან. მათი ნაწილი დღეს ცდილობს წინაპრების ფესვებთან დაბრუნებას და საქართველოსთან იდენტიფიცირებას, კონტაქტიც აქვთ წინაპრების სამშობლოსთან, ზოგი მოქალაქეობის მიღებასაც კი ახერხებს, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი არიან, ვინც ახერხებს რეინტეგრაციას. მართალია, ჩვენც არასაკმარისად ვეხმარებით მათ ამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უცხოეთში მცხოვრები მილიონობით გამუსულმანებული ეთნიკური ქართველიდან, ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. შორს რომ არ წავიდეთ, ამის ცოცხალი მაგალითი ე. წ. თურქი მესხები არიან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავს თურქებად თვლიან. ასე რომ, თქვენს მიერ გალანძღული ჩვენი დიდი მეფეებიც, და მათ შორის ერეკლე მეორეც, როდესაც თავდასხმით თუ თავდაცვით ომებს აწარმოებდნენ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად სწორედ იმ იდეებს და ღირებულებებს იცავდნენ, რომელსაც დღეს თქვენ ევროპულს ეძახით.
თავი დაანებეთ მატრაკვეცობას და საკუთარი წარსულის იგნორირებით თავის გამოჩენას. თუ მეფეების კრიტიკით და ლანძღვით გინდათ მაინცდამაინც თავის წარმოჩენა, საქართველოს ისტორიაში ასეთებიც იყვნენ არაერთნი. საგნობრივად აკრიტიკეთ და ლანძღვა-გინებას შეეშვით. რაც შეეხება მართლაც დიდებულ და საამაყო ერისკაცებს, მათდამი მოწიწებასა და პატივისცემას თუ ვერ ახერხებთ, თავი დაანებეთ!" - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.