31-05-2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის სარეაბილიტაციო პროექტები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამჯერად სოფელ ფუთის 2 კილომეტრიანი გზის განახლება მიმდინარეობს, რომელიც ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის მონაკვეთიდან იწყება და სოფელ ფუთის ეკლესიამდე უნდა გაგრძელდეს.
მათივე ინფორმაციით, პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს და სოფლის გზის განახლებას ბეტონის საფარით ითვალისწინებს: 1300 გრძივ მეტრზე, 4 მეტრი სიგანის გზა დაიგება; ხოლო დარჩენილ 800 მეტრზე, 3 მეტრი სიგანის გზის საფარი.
მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, რამდენიმე მონაკვეთზე სანიაღვრე არხების უქონლობის გამო, სისტემატიურად ხდება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვა, რაც თავისთავად აზიანებს საცხოვრებელ სახლებს.
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში, ასეთ ტერიტორიაზე გაიჭრება სანიაღვრე არხები.
მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სირთულეს წარმოადგენს გოგოლაძეების უბანში გზის დამეწყრილი მონაკვეთის აღდგენა, სადაც გზა ჩაწყვეტილია და გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ამ მონაკვეთის სრულყოფილი აღდგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბესიკ ლეონიძე და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები, მოსახლეობასთან ერთად ამ პრობლემას ადგილზე გაეცნენ.
„სამუშაოები დაიწყო და შეუფერხებლად გაგრძელდება ამ დამეწყრილ მონაკვეთამდე, რომელიც ფაქტობრივად სარეაბილიტაციო გზის ბოლოში მდებარეობს. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად მოვახდინოთ გზის ამ ნაწილის რეაბილიტაცია. მანამდე ვეცდებით, რომ მოსახლეობასთან შეთანხმებით, ნაწილობრივ გავაფართოვოთ გზის ეს მონაკვეთი, ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას სატრანსპორტო გადაადგილებას და ადამიანთა სიცოცხლეს“, - განაცხადა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით აბულაძემ.
“სოფელ ფუთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “მიმდემი“, დაახლოებით, ერთ თვეში დაასრულებს. მთლიანად ხდება არა მარტო გზის საფარის, არამედ გზის საფუძველის განახლებაც. კეთდება სანიაღვრე არხებიც და ჩვენის მხრივ, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან“, - ამბობს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბესიკ ლეონიძე.
"ინტერპრესნიუსი"