10-06-2022
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, სამხედროებისთვის განკუთვნილი ბინების მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. „ხელფასების ზრდის პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი. დღევანდელი მდგომარეობით აშენებულია პროექტით გათვალისწინებული 7-სართულიანი 39 კორპუსი, რომლებშიც 1092 ბინაა განთავსებული. ამ ეტაპზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების გარე მოპირკეთებისა და სახურავებისმოწყობის სამუშაოები, ასევე დასრულების ეტაპზეა კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტების მომზადება. ზემოაღნიშნული პროექტი გეგმის მიხედვით 2022 წლის ბოლოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ პროექტში სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში 100 დოლარის გადახდა უწევთ. გადახდას კი არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ახორციელებენ. პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ თვალსაზრისით, ასევე გვაქვს ინიციატივა, რომ
თავდაცვის კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომლის შედეგადაც ოფიცერთა და სერჟანტთა გარკვეული კატეგორიისათვის კანონმდებლობით განისაზღვრება ბინის
მიღება, რაც სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.