10-06-2022
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში დიალოგისთვის, თუმცა მიუღებელია ძალადობრივი ხასიათის ნებისმიერი ქმედება. სამწუხაროდ, ასეთ ქმედებებს დღეს ჰქონდა ადგილი, როცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე ფიზიკური ზეწოლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა - ამის შესახებ თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"უნივერსიტეტი მოუწოდებს როგორც თსუ-ს, ასევე, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს, გარეშე პირებს, რომლებიც ამჟამად თსუ-ში გამოცდების ონლაინ ფორმატით ჩაბარების მოთხოვნით ატარებენ აქციას, მიმართონ პროტესტის კონსტრუქციულ ფორმებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა - ქუთაისსა და ახალციხეში, რათა მათ გამოცდაზე გამოცხადება გაუადვილდეთ.
საგამოცდო ცენტრები 20 ივნისიდან გაზაფხულის სემესტრის ფინალური გამოცდების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია. ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის ჩაბარების სურვილი სხვადასხვა ფაკულეტეტის 160-მდე სტუდენტმა გამოთქვა. ამასთან, თსუ აკადემიური საბჭოს რეკომენდაციით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, ვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებში გადაადგილების პრობლემა აქვთ, ან ამჟამად ცხოვრობენ ლისის და ბაგების საერთო საცხოვრებლებში, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებელში განთავსება უფასოდ შეეძლებათ. სტუდენტებთან შეხვედრები ქონდათ რექტორს, ადმინისტრაციის და ფაკულტეტების წარმომადგენლებს და მზაობა კონსტრუქციული დიალოგისთვის მომავალშიც იქნება" - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.