14-06-2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტერიალში მონაწილეობს, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა ტუზჯუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ ფონზე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა 15 პროცენტიანი წილით - 2022 წლის იანვარი - აპრილის პერიოდში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28 პროცენტით, საქართველოს ექსპორტი 23 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ქვეყნებს შორის როგორც ვაჭრობის, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება მოლაპარაკებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე.
„თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ შევთანხმდით, უახლოეს მომავალში შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, რაც ორი ქვეყნის ბიზნესებს ერთმანეთის ბაზრებზე საკუთარი სერვისების გაყიდვას გაუმარტივებს. ეს გაზრდის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას და თანაბრად მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისათვის," - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტერიალს ესწრება, რომლის ფარგლებშიც საქართველო ოფიციალურად უკვე მიუერთდა მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების მომსახურებით ვაჭრობის რეგულირების ინიციატივას. აგრეთვე დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო დელეგაციების ხელმძღვანელებთან.