15-06-2022
ევროკავშირში მიღების დაპირება გეოპოლიტიკის იარაღია. უკეთესი ცხოვრების დაპირება გახდა სატყუარა რომლითაც მოიპოვეს ჩვენი ლოიალობა საკუთარ ინტერესებში. ისარგებლეს იმით რომ ღარიბი ქვეყნის მოტყუება კარგი ცხოვრების დაპირებით იოლია - ამის შესახებ Facebook-ზე გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი წერს.
მისი თქმით, საქართველომ თავისი გეოპოლიტიკა უნდა ააგოს იმ გათვლაზე რომ არსად არავინ სერიოზულად არ გვეპატიჟება, დაპატიჟება თავაზიანად უნდა მივიღოთ, მაგრამ ვაგრძნობინოთ, რომ ვიცით რომ იტყუებიან.
„ევროკავშირში მიღების დაპირება გეოპოლიტიკის იარაღია. უკეთესი ცხოვრების დაპირება გახდა სატყუარა რომლითაც მოიპოვეს ჩვენი ლოიალობა საკუთარ ინტერესებში. ისარგებლეს იმით რომ ღარიბი ქვეყნის მოტყუება კარგი ცხოვრების დაპირებით იოლია.
ნახევარი საუკუნის წინ თურქებს დაპირდნენ იგივეს. რასაკვირველია თურქეთს არ მიიღებენ, მითუმეტეს არ მიიღებენ საქართველოს რომელიც თურქეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. ევროკავშირს რომც უნდოდეს ჩვენი მიღება, თურქეთი არ მისცემს საშუალებას, თურქეთის გვერდის ავლით მიგვიღონ ჩვენ. თურქეთი რომელიც შვედეთის და ფინეთის ნატოში მიღებას ბლოკავს, გაცილებით იოლად დაბლოკავს საქართველოს მიღებას. დახედეთ რუკას. არ არსებობს ევროკავშირის წევრი არცერთი ქვეყანა რომელსაც ევროკავშირთან სახმელეთო კავშირი არ აქვს. საქართველო კი დაშორებულია ორი ათასი კილომეტრით.
ჩვენგან განსხვავებით მოლდოვა ევროპაა, რუმინეთის ნაწილი. უკრაინის ტერიტორია დნეპრის დასავლეთით ასევე ევროპაა. აღარაფერს ვამბობ ბელორუსზე რომელიც საერთოდ ისტორიული პოლონეთია, ბელორუსული ენა კი პოლონური დიალექტი. ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში მიღებას ეწინააღმდეგება რუსეთი. ჩვენ შემთხვევაში კი არსებობს სხვა წინააღმდეგობა: თურქეთი და გეოგრაფია. კანდიდატის სტატუსი არაფერს არ ნიშნავს. საქართველოს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთან განხილვა კი ნიშნავს მოლდოვას და უკრაინის შანსების შემცირებას.
საქართველომ თავისი გეოპოლიტიკა უნდა ააგოს იმ გათვლაზე რომ არსად არავინ სერიოზულად არ გვეპატიჟება. უკეთესი ცხოვრების დაპირების გამო, საკუთარი იდენტობის და გეოპოლიტიკური მდებარეობის უგულვებელყოფამ დიდი ეკონომიკური. პოლიტიკური და კულტურული ზიანი მოგვიტანა. საქართველოს პოლიტიკა არ შეიძლება ილუზორულ პერსპექტივებზე იყოს დაფუძნებული. რასაკვირველია ეს არ ნიშნავს ოფიციალურად უარის თქმას. დაპატიჟება თავაზიანად უნდა მივიღოთ, მაგრამ ვაგრძნობინოთ რომ ვიცით რომ იტყუებიან“ - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.