15-06-2022
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO), გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთობლივი პროექტის (EXBS) ფარგლებში შექმნილ კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორის დანაყოფს ამოქმედებიდან 10 წელი შეუსრულდა.
იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პროგრამის მონაწილეებს, მოწვეულ საერთაშორისო პარტნიორებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა - ლაშა ხუციშვილმა და ვახტანგ გომელაურმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ, ასევე, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის რეგიონულმა წარმომადგენელმა, აშიტა მიტალმა.
მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ერთობლივი საქმიანობისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ღონისძიების ფარგლებში, გაეროს, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს შორის გაიმართა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.
სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის უწყებათაშორისი დანაყოფის 22 თანამშრომელს გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მიერ დაწესებული მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცათ.
საქართველოში, პირველი უწყებათაშორისი დანაყოფი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან ერთად ახორციელებდა საზღვაო გზით გადაადგილებული ტვირთების კოორდინირებულ კონტროლს, ფოთში -გაფორმების ეკონომიკური ზონის ბაზაზე შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს პირველად მიეცათ საშუალება ერთ სამუშაო სივრცეში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ბაზებზე წვდომის, გამოცდილების, უნარ-ჩვევებისა და მათ ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ერთობლივად განეხორციელებინათ, როგორც ინფორმაციის მიღება და ანალიზი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შერჩეული ტვირთების ერთობლივად დათვალიერება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების ჩართვის შემდეგ, დანაყოფების საქმიანობის ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამჟამად, საქართველოში კონტეინერების კონტროლის 3 უწყებათაშორისი დანაყოფი ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ კონტეინერების კონტროლის პროგრამის ერთობლივი დანაყოფი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში. ასევე, ერთობლივი ჯგუფის მონაწილეობითაა ამოღებული 180 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი" და 5 კილოგრამზე მეტი „კოკაინი". ამასთან, სამართალდარღვევის არაერთი ფაქტი იქნა გამოვლენილი, როგორც საქართველოში, ასევე, სხვა ქვეყნებში.