1-06-2018
ფოთში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები და რიგითი მოქალაქეები თეატრის წინ ლოზუნგებით: ,,ნუ მომკლავ“, ,,აღვადგინოთ სამართალი“, ,,არა ძალადობას“ არიან შეკრებილი და ხელისუფლებას საქმის სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
,,ეს აქცია სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით იმართება. სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა სარალიძის ოჯახს. ამ ადამიანმა მოახერხა და მთელი საქართველო დააყენა ფეხზე. აქ შეკრებილებს გული შეგვტკივა იმ უსამართლობაზე, რომ დამნაშავეები არ არიან დასჯილები. მოვუწოდებთ მთავრობას, რაც შეიძლება მალე მიიღონ ზომები, რომელიც არის გასატარებელი და ყველა ის ადამიანი ჩასვას ციხეში, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ახალგაზრდა ბიჭების მოკვლასა თუ მათი მკვლელების დანაშაულის დაფარვაში. ყველას ძალიან ვთხოვ, თავი შეიკავოს ამ ტრაგედიის პოლიტიზებისგან“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილე თამაზ წივწივაძემ. აქციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ. მათი, თქმით ვიდრე დამნაშავეები არ დაისჯებიან, გარდაცვლილის მამას მხარდაჭერას გამოუცხადებენ და აქციებს გამართავენ.
"ინტერპრესნიუსი"