გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხვალ დილიდან ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა იწყება

3-06-2018

ხვალ, დილის 08:00 საათზე ჭიათურელი მაღაროელების სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება-ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირები ავრცელებს.

გაფიცვის პარალელურად ჭიათურის ცენტრში, გამგეობისა და კომპანიის სამმართველოს შორის არსებულ სკვერში საპროტესტო აქციებიც გაიმართება.

"კომპანიასთან ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები წელიწადზე მეტია მოლაპარაკებებს მართავენ. რამდენჯერმე იყო მომზადებული კოლექტიური ხელშეკრულების პროექტიც, თუმცა კომპანიის წარმომადგენლთა მხრიდან პროცესი ყოველთვის არაგონივრული და დაუსაბუთებელი მიზეზებით ხანგრძლივდებოდა.

2018 წლის 17 აპრილს წამოწყებული იქნა კოლექტიური შრომითი დავა და საქართელოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის მოთხოვნით, საქმეში მედიატორი ჩაერთო. მედიაციის ფარგლებში მხარეთა შორის გაიმართა არაერთი შეხვედრა, თუმცა თანხმობა ვერ იქნა მიღწეული.

მაღაროელები, შრომით-სამართლებრივ, შრომის პირობებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გარდა ხელფასების მატებას 30%-ით ითხოვენ და ისინი ამას ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:

1. 2014 წლიდან დღემდე, საქსტატის მონაცემებით სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაზრდილია 15,2%-ით, ხოლო ამავე პერიოდიდან ჭიათურაში ხელფასების ზრდა არცერთხელ არ მომხდარა.

2. 2014 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 450 ადამიანით არის შემცირებული, ხოლო საწარმო სიმძლავრეები არ შემცირებულა, ანუ თითოეული დასაქმებულის შრომის ნაყოფიერება გაზრდილია 13%-ით.

3. კომპანია მოპოვებულ მადანს აშშ დოლარში ყიდის, ხელფასები კი ანგარიშდება და გაიცემა ეროვნულ ვალუტაში. იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელს 1 აშშ დოლარი ღირდა 1,7 ლარი, ხოლო მიმდინარე მომენტში ღირს 2,45 ლარი, კომპანიას, უკვე 4 წელია, სახელფასო ფონდის ორგანიზებისთვის ეხარჯება 400 000 აშშ დოლარით ნაკლები.

მოლაპარაკების ფარგლებში კომპანიის სპეციალური მმართელის, ნიკოლოზ ჩიქოვანის მხრიდან გაკეთდა შემდეგი შემოთავაზებები: 

1. შრომის ანაზღაურების მატება 5%-ით;

2. სხვადასხვა სოციალური ბენეფიტები, რომელთა საერთო ხარჯი დამატებით დაახლოვებით 4,5%-ია;

3. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება შრომის ანაზღაურების ინდექსაცია იმავე ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაფიქსირდება ინფლაცია 2018 წლის განმავლობაში;

4. დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ანუ მას შემდეგ რაც ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკა ამუშავდება და კომპანიას მისცემს ფინანსურ ეფექტებს, კიდევ ერთხელ გადაიხედება შრომის ანაზღაურების მატების შესაძლებლობა;

5. სპეციალური მმართველი იღებს პასუხისმგებლობას, რომ საწარმო გეგმების კორექტირების პროცესში ჩართული იქნება პროფკავშირული ორგანიზაცია და ასევე დაინერგება გეგმის შესრულების კონტროლის ციფრული მექანიზმები;

6. სპეციალური მმართველი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დაინერგება კომპანიისა და დასაქმებულთა წარმომადგენლობას შორის ღირსეული და თანასწორუფლებიანობის პრონციპზე დაფუძნებული თანამშრომლობის სრულყოფილი მექანიზმები.

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტი, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს წარმოადგენს, კომპანიის შემოთავაზებას არ დაეთანხმა და 2018 წლის 4 ივნისიდან (08:00 სთ.) გაფიცვა გამოაცხადა"-ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.