16-06-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ჰოლდინგის „Mawarid Holding Investment“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობების საკითხებს.
ჰოლდინგი „Mawarid Holding Investment“ 10 კომპანიის გაერთიანებას წარმოადგენს და ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობა და ცხოველთა საკვების წარმოებაა. ჰოლდინგი, რომელშიც 15 ათასი ადამიანია დასაქმებული, აქტიურადაა ჩართული საამიროების სურსათის უსაფრთხოების ეროვნული პროგრამის შესრულებაში.
გიორგი ხანიშვილმა „Mawarid Holding Investment“-ის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება მეცხოველეობის, ბაგური მეცხვარეობის და მარცვლეული კულტურების განვითარების პოტენციალზე გაამახვილა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა სასათბურე მეურნეობების კლასტერის - „იმერეთის აგროზონა“ განვითარების პოტენციალზეც.
ჰოლდინგის წარმომადგენლის, მოჰამად ალ საიდის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია და ინტერესების შეჯერების პირობებში, თანამშრომლობა ორმხრივად ეფექტიანი იქნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.