19-06-2022
ჯერ მელანი არ იყო შემშრალი დოკუმენტზე, როდესაც ვნახეთ ოპოზიციის სრულიად ამაზრზენი აქცია, რომელიც ძალიან კარგად ჯდება ორუელის 1984-ის ფაბულაში, როდესაც გამოაქვთ ადამიანის რაღაც იმიჯი და შემდეგ ამ ადამიანზე ხდება ზიზღის პროვოცირება, თანაც ეს ყველაფერი ხდება დემოკრატიის მოთხოვნით - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
ხელაშვილმა ისაუბრა 20 ივნისის აქციაზე, რომელიც მისი თქმით, თითქოს უნდა იყოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის მზადყოფნის აქცია, მაგრამ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის მიზანი პოლიტიკური ტემპერატურის მაქსიმალურად აწევაა.
"20 ივნისის აქცია, რომელიც თითქოს უნდა იყოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის მზადყოფნის აქცია, მაგრამ სინამდვილეში ვხედავთ რა ფარული და ცუდად დაფარული განზრახვები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას, რომ მაქსიმალურად აიწიოს პოლიტიკურმა ტემპერატურამ და ისევ და ისევ გაღრმავდეს პოლარიზაცია მაშინ, როდესაც ერთი კვირაა დარჩენილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რომელიც არის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ შუალედშიც კი, როდესაც პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად ევალებათ პასუხისმგებლობით მოქცევა, ვინაიდან არის თეორიული შანსი, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს, სწორედ ამ დროს დაიწყო ისევ და ისევ ოპოზიციამ პოლარიზაციის გაღრმავება, რაც უკვე აქედანვეა პირველივე მოთხოვნის დარღვევა.
პოლარიზაცია თავისთავად გულისხმობს, რომ ამაში ორი მხარეა ჩართული. მთავრობამ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, თუ ოპოზიციის მხრიდან არ იქნება შემხვედრი ნაბიჯები არანაირი შედეგი არ იქნება“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.