19-06-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად, ბოლნისში მდებარე ზრდასრულთა განათლების ცენტრის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. მინისტრმა მათ სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მიხეილ ჩხენკელმა და ჰუბერტ ქნირშმა ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი დაათვალიერეს, რომელიც გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ზრდასრულთა განათლების ქსელის ფარგლებში გაიხსნა.
მინისტრმა ელჩს მადლობა პირადად გადაუხადა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის.
თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა გამოხატა და პროფესიული განათლების სფეროში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ორგანიზაცია აერთიანებს DVV International-ის მიერ დაარსებულ ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. DVV International-ის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე 13 ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს, რაც ქართულ მხარეს ზრდასრულთა განათლების განვითარებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიზანია საქართველოში ზრდასრულთა განათლების პრინციპების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ და ზრდასრულთა განათლების ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2019 წლიდან ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება, კომპეტენციების განვითარება მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზებით. ბოლო წლებში სამინისტრომ, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რაც ხელს უწყობს საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელს, ფორმალური განათლების ფარგლებში, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება აქვს მოპოვებული და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია DVV International-ის როლი და მისი მხარდაჭერა, როგორც ცოდნის გაზიარების, ასევე ზრდასრულთა განათლებაში ჩართული სპეციალისტების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.