5-06-2018
ჭიათურაში, პოლიციის შენობის წინ ახალგაზრდებმა შიმშილობა გამოაცხადეს. შიმშილობის აქციას ის ახალგაზრდების მართავენ, რომლებიც თვლიან, რომ ჭიათურის პოლიცია მათ უსამართლოდ მოექცა.
კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი თემურ ციცვიძე ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან ყვება, რომ პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის უთანხმოება მიმდინარე წლის 26 მაისს დაიწყო. დაპირისპირების ადგილი კი ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული სკვერი გახდა.
"26 მაისს ჩემი მეგობრის დედის, მამის და ძმის საფლავი შევმოსეთ ქვით. ცხვარი დავკალით და გვიან, კორპუსის ეზოში გავაგრძელეთ სმა. ავტომატებით მოვიდნენ ჩვენთან პოლიციელები. გასროლის ხმა გაუგონიათ და ეძებდნენ, სად მოხდა გასროლა. ჭიათურის პოლიციის მოადგილე ერთ-ერთ ჩვენგანს თან ელაპარაკებოდა და თან იარაღს აბჯენდა ყელზე. მან უთხრა, იარაღი გაწიე, ნუ მადებო. პოლიციის უფროსის მოადგილემ უპასუხა: იარაღს კი არა, სხვა რამესაც დაგადებო. სხვა რამეში მამაკაცის სასქესო ორგანო იგულისხმა. ჩვენმა მეგობარმა უპასუხა სხვა რამე დედაშენს დაადეო და დაიწყო ჩხუბი. ჭიათურის პოლიციის უფროსის მოადგილემ მთელი საპატრულო და სამხარეო პოლიცია მოიყვანა. 9 კაცი მიგვცეს პასუხისგებაში," - ამბობს თემურ ციცვიძე.
პოლიციასთან დაპირისპირებული ახალგაზრდებიდან 8-ს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით აქვს წაყენებული, ხოლო მეცხრეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.