22-06-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და პარლამენტის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები კაზრეთში იმყოფებოდნენ, სადაც კომპანიის „არემჯი“ მიერ სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს გაეცნენ, წყალდამჭერი ინფრასტრუქტურა და უახლესი ტექნოლოგიებით აშენებული ის გამწმენდი ნაგებობები დაათვალიერეს, რომელიც დაბინძურებისგან იცავს მდინარეებს - ფოლადაურს, კაზრეთულასა და მაშავერას.
,,ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მსხვილმა საწარმოებმა გონივრულ ვადებში შეძლონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. ამ საწარმოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში, ბევრი ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, მათი ფუნქციონირება და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ხარჯზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან; ამჯერად, გავეცანით და დავათვალიერეთ „არემჯიში“ მიმდინარე სამუშაოები. ვთანხმდებით, რომ ბევრი მიმართულებით არის პროგრესი. თუმცა, ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი, არის გარკვეული გადაცდომებიც, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კომპანიებთან ერთად; სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, მომავალშიც მუდმივ მონიტორინგს გავუწევთ პროცესს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ კომპანიებისთვის დადგენილი გარემოსდაცვითი მმართველობის გეგმები წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპულ სივრცეში. მათი შესრულების მონიტორინგს სამინისტრო და პარლამენტი ერთობლივად მომავალშიც აქტიურად განახორციელებენ.
,,საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ გვაქვს შედეგებიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების შედეგად, კომპანიაში „არემჯი გოლდი“, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, არ დაფიქსირებულა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტი, რაც არის ძალიან კარგი შედეგი, თუმცა „არემჯის“ სხვა კომპანიებთან დაკავშირებით არის კითხვები, არის ხარვეზები და დარღვევები. ვფიქრობთ, რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს დარღვევებიც გამოვასწორებინოთ კომპანიას",- განაცხადა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა, ნინო ბურჭულაძემ.
ოთხი წლის წინ, კომპანიას, სამინისტროს მიერ, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებები დაეკისრა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, სამინისტროს მხრიდან, გარემოსდაცვითი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კომპანიას 100-ზე მეტ პუნქტში ჰქონდა მიწერილობა. მათი შესრულებისთვის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულების ეტაპზეა.