22-06-2022
მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორებ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი.
„ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან, არა მხოლოდ ემოციებისა და აღქმების დონეზე, არამედ გაკეთებული საქმეების მიხედვით. მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ merit-based, ანუ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასევე მოვისმინეთ შეფასებები, თითქოს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის. ასევე მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინა ომშია. გახსოვთ, ორი კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მე საჯაროდ ვთქვი, რომ მქონდა ეს ინფორმაცია ევროპელი კოლეგებისგან. მათ პირადად მითხრეს, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო, ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია. არა თუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ. ბევრ მოქმედ ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ჩვენ. ყველა პარამეტრით მეგობრებო. მე მინდა განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს: უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი.
რაც შეეხება მოლდოვას - თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ისევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს, ბევრი მიღწევისა და პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში არის აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა. გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ მათ როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა სტატუსი. ოღონდ დათქმები მინდა ხაზგასმით განვუმარტო ჩვენს მოქალაქეებს: დათქმები სამივე სახელმწიფოს ჩაუწერეს, ანუ ვალდებულებები, პირობები, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. ანუ, პრიორიტეტები ჩვენს შემთხვევაში გამოკვეთეს. მე აღარ შეგაწყენთ თავს. ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი და მათი რეკომენდაცია არის სწორედ პოლარიზაციის დასრულება. არათუ შემცირება, დასრულება", - განაცხადა პრემიერმა.