24-06-2022
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაგეგმილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უწყებათაშორის "რაჭა 2022"-ის სწავლებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ - ლევან გუგენიშვილს, სამოქალაქო კრიზისების მართვის ინიციატივების ჯგუფის უფროს პოლკოვნიკ - სუზანა კრისტენსენს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე, საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა- ლევან გუგენიშვილმა დეტალურად ისაუბრა დაგეგმილი სწავლების მიზნებზე, მხარდაჭერისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრის სქემაზე და ასევე ყურადღება გაამახვილა სწავლების მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტის ჩართულობის აუცილებლობაზე სხვადასხვა სტიქიური მოვლენების დროს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მხარდამჭერია დანიის სამეფო, რომლის ინიციატივითაც ეროვნულ გვარდიასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადაეცა ხანძართან ბრძოლის შესაბამისი აღჭურვილობა და ინვენტარი.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მამუკა ხიმშიაშვილი და ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
საკოორდინაციო შეხვედრის დასასრულს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, ზემოხსენებული სწავლების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უმნიშვნელოვანესია მსგავსი აქტივობების ჩატარება მუნიციპალიტეტში, რათა კრიზისების დროს მოხდეს სწორი კოორდინაცია და მათი უმოკლეს დროში აღმოფხვრა. ასევე, სერგი ხიდეშელმა წარმომადგენლებს დაავალა ადმინისტრაციულ ერთეულებში მნიშვნელოვანი სიახლის და საჭირო ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა.