24-06-2022
ყველა გულანთებულმა და პატრიოტმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ რევოლუციებს ძირითადად ნგრევა და უბედურება მოაქვს, თანაც ქართული რევოლუციის დამგეგმავებს მაინცდამაინც დიდი გენიოსობა არც ეტყობათ და რაც მთავარია, იმაზე იფიქრონ, რომ თავი არ გამოაყენებინონ ავანტურისტებს, რომელთა რიცხვი არც ისე ცოტაა - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, ქართველ „ძააალიან ჭკვიანებს“ მიაჩნიათ, რომ საქართველო განსაკურებული ქვეყანაა და მას უკრაინის მსგავსი საფრთხეები არ ემუქრება. და თუ ემუქრება, მერე რა მოხდა, ეს ხომ არ არის პრიორიტეტული, მთავარია ჩვენ მოვიპოვოთ ძალაუფლება და მერე მოვუვლით ყველა საქმეებს, ხოლო თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, ჭირსაც წაუღია საქართველო.
"ვინ ოცნებობს ქართულ მაიდანზე როგორც უკრაინაში გააგდეს 2014 წელს იანუკოვიჩი „ღირსების რევოლუციით“, ისე უნდა გავაძევოთ საქართველოს ხელისუფლებიდან ბიძინა და მისი გუნდი! ასეთი აზრის მფრქვეველი, „ძააალიან ჭკვიანი“ ქართველი აქტივისტები, პოლიტიკოსებშიც ბევრნი არიან, NGO-ებშიც და ჟურნალისტებშიც.
სხვა საქმეა, იანუკოვიჩი კარგი კაცი იყო თუ ცუდი, დასამხობი იყო თუ არა, მაგრამ ხელისუფლების ჟინით შეპყრობილი ასეთი „უუუჭკვიანესი“ ქართველები საერთოდ არ ფიქრდებიან იმაზე, რომ უკრაინამ 2014 წლის „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ დაკარგა ყირიმი, დონბასი (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები), ლტოლვილად იქცა 13 მილიონი ადამიანი (თითქმის მთელი მოსახლეობის 1/3), სამჯერ გაიზარდა დოლარის კურსი (8-დან 24 გრივნამდე), რევოლუციის გზით არჩეული პრეზიდენტი პოროშენკო თავის გარემოცვიანად კორუმპირებულად გამოცხადდა და პრეზიდენტად ზელენსკი აირჩიეს, რომლის დროსაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ქვეყნის ტერიტორიის თითქმის მეოთხედი უკვე დაიპყრო.
ქართველ „ძააალიან ჭკვიანებს“ მიაჩნიათ, რომ საქართველო განსაკურებული ქვეყანაა და მას უკრაინის მსგავსი საფრთხეები არ ემუქრება. და თუ ემუქრება, მერე რა მოხდა, ეს ხომ არ არის პრიორიტეტული, მთავარია ჩვენ მოვიპოვოთ ძალაუფლება და მერე მოვუვლით ყველა საქმეებს, ხოლო თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, ჭირსაც წაუღია საქართველო. ვინც დღეს ტვინს უბურღავს საზოგადოებას, აი, ეს არის მათი ლოგიკა, რომ სწორედ ახლაა დრო ხელისუფლების აყირავების. როცა ეკითხები - „მერე“? იწყება სიტყვების რახარუხი და აბდაუბდა პასუხები: „შევქმნით კოალიციურ მთავრობას“, „გავატარებთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს“, „აღმოვფხვრით კორუფციას“, მეტ და ქმედით დახმარებას გავუწევთ უკრაინას, ხოლო ამ ყველაფრის სამაგიეროდ ჩვენ დაგვეხმარება დასავლეთი. აი, ასე იტყუებენ თავს და სხვების მოტყუებასაც ცდილობენ ქართველი „უუუჭკვიანესები“.
იმის გახსენებაც არ უნდათ, რა მოუტანა საქართველოს ორმა სახელმწიფო გადატრიალებამ - ერთ შემთხვევაში შევარდნაძის ათწლიანი ქაოსი, სამოქლაქო ომი და უბედურება, ხოლო მეორე შემთხვევაში - არაადამიანური, ანტიდემოკრატიული და რეპრესიული სააკაშვილის რეჟიმი.
„ძააალიან ჭკვიანებმა“ შესანიშნავად იციან, რომ დემოკრატიის საზომ ყველა ატრიბუტში საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიან პერიოდში დღევანდელი ხელისუფლება ყველა წინანდელზე წინ დგას (ადამიანის უფლებები, პატიმართა მდგომარეობა, სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა, არჩევნები, მედია, სოციალური დაცვა და ა. შ.). თითოეულ ამ სფეროში დღესაც საკმაოდაა პრობლემები და ჩვენც არაერთი პრეტენზია გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ არა ზოგადად „კარგია-ცუდიას“ კრიტერიუმებზე, არამედ წინა ხელისუფლებების დროს არსებულ მდგომარეობასთან შედარებაზე. ცნობილი გამოთქმაა, რომ რევოლუციას გეგმავენ გენიოსები, ახორციელებენ ავანტურისტები, ხოლო მისი შედეგებით სარგებლობენ ნაძირალები.
ასევე ყველა გულანთებულმა და პატრიოტმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ რევოლუციებს ძირითადად ნგრევა და უბედურება მოაქვს, თანაც ქართული რევოლუციის დამგეგმავებს მაინცდამაინც დიდი გენიოსობა არც ეტყობათ და რაც მთავარია, იმაზე იფიქრონ, რომ თავი არ გამოაყენებინონ ავანტურისტებს, რომელთა რიცხვი არც ისე ცოტაა. ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კი, როდესაც რევოლუციის შედეგებით ნაძირალები ისარგებლებენ, გვიანღა იქნება თითზე კბენანი" - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.