24-06-2022
მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი: თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანას შორის სტატუსს, ვედრებოდით რა უკრაინას, მოლდოვას და მათ მიღწევებს, დამსახურებას, ჩვენ ვფიქრობთ და დღესაც ვთვლით, რომ ბევრად წინ ვართ ჩვენი მიღწევებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ქმედითი ნაბიჯი გადადგა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო: ჩვენს მიერ განსახორციელებელი ყველ ქმედითი ნაბიჯი იქნა გადადგმული ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, აპლიკაციის შევსება და შეტანა - ყველა პირობა შეასრულა „ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ხალხის წინაშე. თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი ხალხის 85 პროცენტი ითხოვს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ასე არის ნამდვილად. სწორედ ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ხალს და ქვეყანას. სწორედ ამიტომ მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას ყველა ის ჩამოთვლილი რეალური ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს: მე და ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელი ძალიან ღიად ვსაუბრობდით ამის თაობაზე. ჩვენ არავითარი გარანტია არ მიგვიცია არავისთვის. ჩვენ როგორ შეგვეძლო, რომ ევროპის მაგივრად ვინმესთვის გარანტია მიგვეცა, ეს არასწორია. მე მინდა განვმარტო ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით, რომ კანდიდატის სტატუსი ორ ქვეყანას მიეცა, ჩვენ მოგვეცემა მას შემდეგ, რაც პირობები იქნება შესრულებული. ორ ქვეყანას, უკრაინას და მოლდოვას განესაზღვრა მთელი რიგი პირობებისა ნაცვლად ჩვენი შემთხვევისა, მათ ჯერ ავანსად მიიღეს საჩუქარი, დავარქვათ ამას საჩუქარი და წახალისება და შემდეგ განესაზღვრა, რომ მათ უნდა შეასრულონ ყველა ის პირობა. პირობები აქვს უკრაინას, აქვს მოლდოვას და აქვს საქართველოს. ერთადერთი განსხვავება ჩვენს შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარ ჩვენ ავანსად არ მიგვიღია. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების საჯარო, მკაფიო განმარტებები, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, რომ კანდიდატის სტატუსს აძლევენ და მისცეს უკრაინას, იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. მეორე - მოლდოვა, რომელიც არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გამოწვევები, უამრავი რეფორმა აქვს ჩასატარებელი, მათ შორის, საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ჩვენ, ალბათ, უტრირებულად რომ ვთქვათ, გასულ საუკუნეში დავასრულეთ. მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი: თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანას შორის სტატუსს, ვედრებოდით რა უკრაინას, მოლდოვას და მათ მიღწევებს, დამსახურებას, ჩვენ ვფიქრობთ და დღესაც ვთვლით, რომ ბევრად წინ ვართ ჩვენი მიღწევებით, მაგრამ სტატუსზე გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება", - განაცხადა პრემიერმა.