24-06-2022
რომ არა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და ჩვენი საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამის რისკები გაჩნდა მაშინ, როდესაც მიღებული იქნა უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია.
„მინდა ჩვენს ხალხს ავუხსნა შემდეგი: მე გავაკეთე განცხადება მას შემდეგ, რაც მოვისმინე და ვიხილეთ ჩვენ სრულიად შეურაცხმყოფელი და უსამართლო რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის, ჩვენი ოპოზიციის აქტიური ჩართულობით, მათი პარტნიორებისა და ლობისტების უშუალო მონაწილეობით, უშუალოდ კენჭისყრაში მონაწილეობით. ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული და მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და ჩვენი საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, ვახსენებ რა ჩვენს ოპონენტებს და მათ ლობისტებსა და პარტნიორებს, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა. ამის რისკები დავინახეთ ჩვენ. ვინაიდან, ყოვლად უსამართლო, შეურაცხმყოფელი რეზოლუცია იქნა მიღებული და ჩვენ ეს ღიად, ყოველგვარი დაფარვისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვთქვით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას და შეურაცხყოფას, ყოველთვის გვექნება ძალიან მძაფრი, სამართლიანი და პროპორციული შეფასებაც ქმედებაც და რეაქციაც. რომ არა ჩვენი პრინციპულობა, რა თქმა უნდა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპულობას გარკვეული როლი ამაში მიუძღვის. ჩვენა პრინციპულმა, მტკიცე დამოკიდებულებამ, ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. მე მინდა კიდევ ერთხელ სრულიად გულწრფელად მივულოცო ეს აღიარება, დამსახურება ჩვენს ხალხს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და რაც მთავარია, მინდა მადლობა გადავუხადო გულწრფელად. მე გუშინვე, ჩემს განცხადებაში მადლობა გადავუხადე ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ბატონ შარლ მიშელს და ევროკავშირის წევრ თითოეულ სახელმწიფოს და მათ ლიდერს. მინდა მათ კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი მადლიერება, იმიტომ, რომ დიახაც, გუშინ იყო მიღებული გონივრული, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ვინაიდან, მათ აღიარეს და ჩაწერეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა იმ დათქმით, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.
რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს და პერსპექტივას: ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ეს პირობების შესრულება არის ტექნიკური სამუშაო, რომელიც უნდა გავწიოთ, აქედან 99% ჩვენი გასაკეთებელია და ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ ის ერთი მთავარი, პირველი პირობა ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ჩვენთან ერთად. ჩვენ ამის სრული მზაობა გვაქვს. ქვეყანა უნდა გაძლიერდეს, უნდა გავზარდოთ ეკონომიკა, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, ყველა ის რეფორმა, რომელიც გასატარებელია, იქნება ეს ჰარმონიზაცია თუ სტანდარტებთან შესაბამისობა, ამისთვის გვჭირდება მაგარი მუშაობა. გვჭირდება მშვიდობა მეგობრებო, სტაბილურობა. ჩვენ არ გვჭირდება პოლარიზება, დაძაბულობა, რომელიც ხელოვნურად არის ინსპირირებული და შექმნილი. ეს არის ჩემი პოზიცია. მე არ ვცლი ჩემს პოზიციას. ჩვენ რომ არ გვეხილა ასეთი სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება, მე ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი. უფრო მეტს ვიტყოდი, მაგრამ დღეს მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ და არ ვთვლი საჭიროდ, ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია", - განაცხადა პრემიერმა.