გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხორბლის ფასი კახეთში პროტესტის მიზეზი ხდება

6-06-2018

კახეთში ალოობა ფერმერების უკმაყოფილების ფონზე იწყება. დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მცხოვრები ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ 1 კილოგრამ ხორბალში წელს 37-38 თეთრს სთავაზობენ, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისინი სპეციალურ წერილს ამზადებენ, რომლითაც აპირებენ მიმართონ მთავრობის მეთაურსა და შესაბამის უწყებებს, რათა სახელმწიფომ დარგის განადგურების თავიდან ასაცილებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. რა უნდა ღირდეს ერთი კილოგრამი ხორბალი, რომ ფერმერი მოგებული დარჩეს და დარგიც განავითაროს?

კახეთში ალოობა ფერმერების უკმაყოფილების ფონზე იწყება. დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მცხოვრები ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ 1 კილოგრამ ხორბალში წელს 37-38 თეთრს სთავაზობენ, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისინი სპეციალურ წერილს ამზადებენ, რომლითაც აპირებენ მიმართონ მთავრობის მეთაურსა და შესაბამის უწყებებს, რათა სახელმწიფომ დარგის განადგურების თავიდან ასაცილებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. რა უნდა ღირდეს ერთი კილოგრამი ხორბალი, რომ ფერმერი მოგებული დარჩეს და დარგიც განავითაროს?


„ხალხი ისეა გამწარებული, რომ ლამის გაფიცვისა და აჯანყების დონეზე მივიდეს. სახლები ჩადებული აქვთ ბანკში. ახლა ჩვენ რომ მივიდეთ ნებისმიერ წისქვილკომბინატში, არც ერთ ფერმერს არ დაგველაპარაკებიან. მათ აწყობთ შუამავალი, მაკლერი ჩამოვიდეს კახეთში და აქა-იქ, ცოტ-ცოტა შეისყიდოს ყველასგან დაბალ ფასებში. მაფიაა, მოკლედ. ერთმანეთში არიან შეთანხმებულები, რომ ჩვენ დაბალი ფასი გადაგვიხადონ“.


კიდევ ერთი ფერმერი, რომელიც ვინაობის გაუმხელად გველაპარაკა, დედოფლისწყაროდან არის. ამბობს, რომ თუ სახელმწიფო ამ დარგს ყურადღებას არ მიაქცევს, შესაძლოა, მარცვლეულის მოყვანაზე, უბრალოდ, უარი თქვას. მისი განცხადებით, თუკი ფასის დარეგულირება თავისუფალი ბაზრის პრინციპით შეუძლებელია, მაშინ, ყურძნის მსგავსად, დარგის სუბსიდირება უნდა მოხდეს. ფერმერი ამბობს, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ მომატებულია საწვავისა და მექანიზაციის მომსახურების ფასი, რამაც მარცვლეულის თვითღირებულება გაზარდა:

„თუ ამერიკაში, ყველაზე ლიბერალურ ქვეყანაში, სახელმწიფო წინასწარ ადგენს ფასებს, ჩვენთან რატომ არაა ასე, უკეთესი ეკონომიკის ქვეყანა ვართ?! მოსავალი კარგია და ფერმერს ის უხარია, რაც უფრო მეტი ფასი ექნება ხორბალს. ამით მეტ მოგებას ნახავს და, შესაბამისად, წარმოებას განავითარებს, გააფართოებს. სასურველი ფასია 50 თეთრი. თუ ადგილობრივ მეწარმეობას გადახდის მეტი საშუალება არ აქვს, მაშინ, როგორც ყურძნის შემთხვევაშია, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ფასის აწევა 50 თეთრამდე. ეს იქნება ყველაზე მისაღები. აქ დიდ თანხებზე არ არის ლაპარაკი“.


ხორბლის ფასით უკმაყოფილო ფერმერები სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ოფისში შეიკრიბნენ და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირინა ფხოველიშვილის თქმით, მთავრობის მეთაურისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მზადდება მიმართვა, სადაც ფერმერებს კონკრეტული მოთხოვნები ექნებათ ჩამოყალიბებული:

„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უმოკლეს ვადებში წარვუდგინოთ მთავრობის ხელმძღვანელს შემდეგი მოთხოვნები: ხორბალი უნდა იყოს აყვანილი სტრატეგიული პროდუქტის სიმაღლემდე, უნდა მოხდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შემუშავება მარცვლეულის წარმოებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით და მთელი რიგი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს მეხორბლე ფერმერების მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით“.

რა პოზიცია ექნება მთავრობის მეთაურს ფერმერების მოთხოვნებზე, ეს, სავარაუდოდ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მას ოფიციალური წერილით მიმართავენ. მანამდე კი სიღნაღის მერს, გიორგი გოგილაშვილს, ვკითხეთ, რა იცის ადგილობრივთა გასაჭირის შესახებ და რას გააკეთებს მათ დასახმარებლად, მაგრამ მერმა, მოუცლელობის მიზეზით, დღეს ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა.

კახელი ფერმერების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თუ დარგის განვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა და ხორბლის ფასი 50 თეთრამდე მაინც არ გაიზარდა, საპროტესტო აქციები გამართონ.


radiotavisupleba