6-06-2018
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მიცვალებული უკანონოდ მოწყობილ კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. ადგილზე ჯერ მხოლოდ ერთი საფლავია მოწყობილი. შპს "პანთეონს", რომელმაც 1 500 კვ.მ. ფართზე სასაფლაო ქუთაისის მერიასთან შუთანხმებლად მოაწყო, შესაძლოა, ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა მოუწიოს. თუმცა, რა ბედი ეწევა საფლავს, უცნობია.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ კომპანიამ შეცდომა 10 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს.
"უნებრათვო მშენებლობისთვის დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. 10 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ მოხდება შემოწმება და თუ არ აქვს შესრულებული ჩვენი მითითებები, მოხდება მისი დაჯარიმება", - ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.
როგორ უნდა გამოასწოროს შეცდომა, სასაფალაოს მეპატრონემ არ იცის. თემურ იობაშვილი ამბობს, რომ მითითებულ ვადებში სასაფლაოს ვერ მოშლის.
"თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდება ეს რომ მოხდეს? მაგას ვერ ვიზამთ. არ ვიცით რა უნდა ვქნათ. რაც შეეხება ჯარიმას, ვიცი, რომ 3000 ლარით აპირებენ ჩემს დაჯარიმებას იმაზე, რაც მე დავარღვიე", - ამბობს შპს "პანთეონის" დირექტორი, თეიმურაზ იობაშვილი.
იობაშვილი არ უარყოფს, რომ მერიისგან ნებართვა არ აქვს, თუმცა, ამბობს, რომ პრობლემას ახლა აგვარებს.
"შემხვდნენ მერიის წარმომადგენლები და ჩემთვის ცნობილი იყო ყველაფერი. ვაგვარებ პრობლემას და ვიღებ ნებართვას",-ამბობს სასაფლაოს მეპატრონე.
იობაშვილი ქუთაისის მერიისგან სასაფლაოს მოწყობის ნებართვის მიღებას ორი თვის წინაც გეგმავდა, თუმცა, მაშინ ქუთაისიპოსტს მერიაში განუცხადეს, რომ ნებართვის გაცემას არ აპირებდნენ, რადგან დასახლებაში, სადაც მუნიციპალური სასაფალოს 11 ჰექტარი უკავია, ახალი საფლავების მოწყობას მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, ტერიტორიას, რომელიც წყალტუბო-ქუთაისის საზღავრზე მდებარეობს, ამ დრომდე სასოფლო-სამეურნეო სტატუსი აქვს, რაც მას ადგილზე სასაფლაოს მოწყობის უფლებას არ აძლევს.
ავანგარდის დასახლებაში, ადგილობრივებმა ახალი სასაფლაოს მოწყობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე გააპროტესტეს. მათი თქმით, საფლავები საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოსა კეთდება, რაც მათტვის მიუღებელია.
მოსახლოებასთან ერთად, სასაფლაოს გახსნას შეეწინააღმდეგა ავანგარდის სულიწმიდის სახელობის ეკლესიის წინამძღოლი, მამა ილია, რომელმაც ერთ–ერთი ქადაგების დროს მრევლს უთხრა, რომ სასაფლაოს გაფართოებას არ შეგუებოდნენ.
ქუთაისი-წყალტუბოს საზღვარზე 4 ჰექტარი მიწის ისტორია და გზა, რომელიც მამაოსთან მიდის, ნახეთ სტატია.