29-06-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, რაიან ჰარისთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაში. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ წარმომადგენლებს, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადასცა. სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის მთავრობას, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, გულითადი მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით ქვეყნის განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ ახალი ოფისის გახსნის ცერემონიაში.
ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და ვისაუბრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, განათლების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა და ხალხი დიდად აფასებს.
წლების განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერა, სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის გრძელვადიან მიზნებთან, სისტემის განვითარების მიმართულებით.
განსაკუთრებით მსურს ხაზი გავუსვა საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ მიერ განხორციელებული იმ პროგრამების მნიშვნელობას, რომლებიც მხარს უჭერს არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების განვითარებას.
საქართველოს მთავრობამ „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების მასპინძლობის სურვილი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გამოთქვა და შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს ორ ათწლეულზე მეტი თანამშრომლობის ისტორია. 2001 წლიდან 900-ზე მეტი მოხალისე მსახურობდა საქართველოში, მშვიდობის კორპუსში. მსურს ხაზი გავუსვა თითოეული ამერიკელი მოხალისის შრომასა და ძალისხმევას, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ საზოგადოებას უზიარებდნენ დასავლურ კულტურასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ცოდნასა და უნარებს, რამაც უკეთესი მომავლის მშენებლობას შეუწყო ხელი. სწორედ ეს ხდის „მშვიდობის კორპუსის“ მუშაობას ასე მნიშვნელოვანს.
სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა და შეაფერხა „მშვიდობის კორპუსის“ პროგრამებისა და სხვა პროექტების განხორციელება საქართველოში. მოხარული ვარ, რომ ეს პროგრამები კვლავ განახლდება და მოხალისეთა შემდეგი ჯგუფი, სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვალში ჩამოვა ქვეყანაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს „მშვიდობის კორპუსთან“ და მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.
მოხარული ვარ, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობის სიგელი გადავცე.“
„მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაში, სხვა სტუმრებთან ერთად მონაწილეობა ასევე მიიღეს „მშვიდობის კორპუსის“ გლობალური ოპერაციების ასოცირებულმა დირექტორმა სკოტ ბიელიმ, „მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის“ გლობალურმა დირექტორმა სარა დიჩმა და „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ დირექტორმა ჯეფრი გოვეიამ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების“, „მოკლევადიანი მხარდაჭერისა“ და „ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების“ პროგრამები ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ 2018-2020 წლებში წელიწადში 85-მდე ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი მსახურობდა საქართველოს 11 რეგიონის საჯარო სკოლებში. მოხალისეები მუშაობდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ეხმარებოდნენ ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს პროფესიული მიზნების მიღწევაში. „მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები ასევე ეხმარებოდნენ პროფესიული კოლეჯებისა და რესურსცენტრების თანამშრომლებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს ინგლისური ენის ცოდნის, მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარებისა და სხვა მიმართულებით.
დღეისათვის საქართველოში მოხალისეების საქმიანობა დროებით შეჩერებულია გლობალური პანდემიის გამო. „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ მოხალისეები 2023 წლის თებერვალში ჩამოვლენ ქვეყანაში.
„მშვიდობის კორპუსი“ 1961 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მიერ მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის მხარდასაჭერად დაარსდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მუშაობენსკოლებში, არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მეწარმეებთან, ახალგაზრდების განვითარების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში, მასპინძელი თემის განვითარების მიზნით.