30-06-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაარსების დღეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელი: „30 ივნისი ქართული მეცნიერების ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია – ზუსტად 64 წლის წინ ამ დღეს, პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე შეიქმნა მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც 2015 წლიდან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სახელით აგრძელებს საქმიანობას.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მართლაც არის ჩვენი ერის იდენტობის მაჩვენებელი, რომელსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა და ზრუნვა სჭირდება. ის წარმოადგენს უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვან საცავს საქართველოში, რომელიც მსურველებს დღესაც აძლევს შესაძლებლობას, იხილონ უნიკალურ დარბაზებში თავმოყრილი გამოჩენილი ქართველი მეცნიერების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეებისნაშრომები, მათი პირადი ნივთები და ბიბლიოთეკები.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ყოველთვის ექნება სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნულ საგანძურს – ჩვენს დიდებულ ხელნაწერებს.
გულითადად ვულოცავ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის თითოეულ თანამშრომელსა და მთელ საზოგადოებას ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ცენტრში დასაქმებული ადამიანების მიმართ, რომლებიც დღემდე ერთგულად ემსახურებიან მართლაც ეროვნული მნიშვნელობის, საშვილიშვილო საქმეს!“