30-06-2022
ჩვენმა სააგენტომ მოამზადა „პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში", რომლის ფარგლებშიც შევაფასეთ ჩვენს მიერ თანადაფინანსებული თითოეული ლარის ეკონომიკური გავლენა და მინდა ვთქვა, რომ შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა „პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის" პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, სააგენტოს პროგრამები 2015 წლიდან ხორციელდება და დღეის მონაცემებით, განხორციელებულია დაახლოებით 9 ათასი პროექტი, რაც ჯამში ნიშნავს 58 ათასამდე შექმნილ სამუშაო ადგილს.„თუმცა, მნიშნელოვანია რა დგას ამ სტატისტიკის მიღმა. ჩვენ შევაფასეთ თითოეული ლარის ეკონომიკური გავლენა, რომელიც ჩვენ თანადაფინანსებით გავეცით და შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია. თითო თანადაფინანსებულმა ლარმა 15-ჯერ მეტი შემოსავალი დაუგენერირა ბიზნესს, ასევე თითო თანადაფინანასებულმა ლარმა 1.6-ჯერ მეტი ლარი შეიტანა მხოლოდ ერთ წელში გადასახადების სახით ბიუჯეტში და თითო ლარმა შექმნა დამატებით 5 ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ „აწარმოე საქართველოში" პროგრამები ახდენენ პირდაპირ სწრაფ და გაზომვად ეფექტს ჩვენს ეკონომიკაზე", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს.
ჩატარებული ანალიზის თანახმად, ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან (2020 წელი) დღემდე დამტკიცებული პროექტების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 28 მილიონი ლარი, გაცემული სესხების/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებამ 2.6 მილიონი ლარი, ხოლო ნაზრდმა შემოსავალმა 40.3 მილიონი ლარი.