გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა EUROCONTROL-ის გენერალური დირექტორის არჩევნებსა და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1-07-2022

მიმდინარე წლის 28 და 29 ივნისს, ბრიუსელში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომისიის და მმართველი საბჭოს შეხვედრები გაიმართა. როგორც EUROCONTROL-ის წევრმა სახელმწიფომ, საქართველომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევნებში მეორედ მიიღო მონაწილეობა. მუდმივმოქმედ კომისიაზე, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რაულ მედინა კაბალიერო იქნა არჩეული. ესპანეთის საავიაციო ხელისუფლების ხელმღვანელი მისი უფლებამოსილების შესრულებას 2023 წლის 1 იანვრიდან შეუდგება. იგი ამ პოზიციაზე იმონ ბრენანს შეცვლის, რომელიც ორგანიზაციას 2018 წლიდან უძღვება.


ბრიუსელში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ლევან კარანაძემ რაულ მედინა კაბალიეროს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში, ასევე მადლობა გადაუხადა იმონ ბრენანს ევროკონტროლის ხელმძღვანელის რანგში ეფექტური და ნაყოფიერი მუშაობისთვის. როგორც სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, საქართველო აქტიურად გააგრძელებს ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ არსებული როტაციით, მომავალი წლიდან, EUROCONTROL-ის მუდმივმოქმედ კომისიას საქართველო უხელმძღვანელებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს და ევროპული სტრუქტურის მუშაობაში ქვეყნის ჩართულობას.


გარდა გენერალური დირექტორის არჩევნებისა, ორგანიზაციის მუდმივმოქმედმა კომისიამ და მმართველმა საბჭომ დიდი დრო დაუთმო სამოქალაქო ავიაციისათვის აქტუალური და მიმდინარე საკითხების განხილვას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორგანიზაციის გრძელვადიან და მოკლევადიან სამოქმედო გეგმებზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, უახლოესს თვეებში, EUROCONTROL-ი გააგრძელებს ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენების დაგვიანების არსებული მაჩვენებლის შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორთან ერთად, საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მმართველი საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და ამჟამად EUROCONTROL-ის მეკავშირე ოფიცერი საქართველოდან დავით ჭეიშვილი და "საქაერონავიგაციის" ეკონომიკური სამსახურის უფროსი, EUROCONTROL-ის გაფართოებული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი თეონა ერქომაიშვილი, რომელიც წევრი ქვეყნების წინაშე მოხსენებით წარსდგა.