2-07-2022
საქართველო-უკრაინის საკალათბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, როდესაც უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს უხამსი ჟესტი აჩვენა და არ მიესალმა, ვიქტორ სანიკიძე პირველ კომენტარს "რუსთავი 2"-თან აკეთებს.
როგორც სანიკიძემ განაცხადა, უკრაინელი მწვრთნელის მიერ ნაჩვენები შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაცია უღირსი საქციელი იყო, რომელსაც გამართლება არ აქვს.
ვიქტორ სანიკიძე იმედოვნებს, რომ ინციდენტს ფიბას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება.
"ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი რა თქმა უნდა, მაგრამ ყველამ, როგორც მოგება, ასევე წაგებაც ღირსეულად უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში უკრაინის ნაკრების მწვრთნელისგან ძალიან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი.
მიუხედავად იმისა, რომ შიდა საერთაშორისო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, გარდა ამისა, არსებობს რაღაც მორალური მხარე, რაც დაუწერელი კანონია, როდესაც უპირატესობით იგებ და გარანტირებულად გამარჯვების შემთხვევაში ზედმეტ ქულებზე აღარ არის აქცენტი, არის ყოვლად უღირსი საქციელი, სპორტში ასე ჰქვია ამ ყველაფერს.
ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჟესტიკულაცია და ის, რაც მან იკადრა მატჩის ბოლოს, ეს წესებსაც ცდება და იმედია, FIBA-ს სადისციპლინო კომიტეტი ამას განიხილავს და ჩვენ, ჩვენის მხრიდან აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება და მოვითხოვთ, რომ მოჰყვეს სათანადო რეაგირება.
გარდა ამისა, ეს მწვრთნელი არ არის ჩვენთვის უცხო, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა და ჩვენს მეგობრად მოიაზრებოდა, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ყველანაირ ზღვარს გაცდა ეს საქციელი. ძალიან სამწუხარო ფაქტია.
გამართლება არ აქვს, იმიტომ, რომ მწვრთნელმა სცადა უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი, ფედერაციის პრეზიდენტმა პირადად ბოდიში მოიხადა ამ საქციელის გამო. ეს, რაც იკადრა, მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.
რაც შეეხება მოთამაშეებს, რა თქმა უნდა არაფერი, ეს სპორტის, თამაშის იქით არ მიდის, მოთამაშეებს შორის ურთიერთობაზე არ მოქმედებს. მწვრთნელის პასუხისმგებლობა არის თავიდან ბოლომდე ეს საქციელი," - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.