4-07-2022
ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მოლოდინი გაცილებით მაღალია, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა.
„მაისში დაფიქსირდა 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდა 11.2%-ია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებით, რომელიც გაცხადებული გვქონდა. თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელს, ნავარაუდევი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს იყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ჩვენს რეგიონში, კერძოდ, რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე. ბუნებრივია, ამან ჩვენი გეგმები შეცვალა, თუმცა პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით, შესაძლოა, მოგვიანებით გადავხედოთ ჩვენს პროგნოზებს მაშინ, როდესაც გვექნება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეს, სავარაუდოდ სექტემბრის თვე იქნება. მანამდე, ჩვენ სექტორულად ვაკვირდებით ეკონომიკის განვითარების ტემპს. იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინები არის საკმაოდ მაღალი, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდაა, დაახლოებით, აგვისტოს ბოლოს, გვექნება შესაბამისი პროგნოზები მიმდინარე წელთან მიმართებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.