5-07-2022
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებითა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, Log-in Georgia-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩატარდა. პროექტის სამიზნე სოფლების 50-მდე მონაწილე ელექტრონული აუქციონის - eAuction.ge პლატფორმის გამოყენების წესებს გაეცნო, მათ შორის რა შესაძლებლობები აქვს პორტალს, როგორ დარეგისტრირდნენ და იყიდონ ან გაყიდონ ქონება. ტრენინგს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულები, მცირე მეწარმეები, ასევე ქალი მეწარმეები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ცენტრების წარმომადგენლები და პროგრამის ბენეფიციარები ესწრებოდნენ. ტრენინგს ადგილზე კოორდინაციას კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა დახუნდარიძე უწევდა.
ელექტრონული აუქციონის პორტალი - www.eAuction.ge 2010 წლიდან ამოქმედდა. საჯარო აუქციონი გამჭვირვალე და მოქნილი ელექტრონული სისტემით შეიცვალა. აღნიშნული ელექტრონული პორტალის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის რეზიდენტ/არარეზიდენტ პირს, აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ან/და განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია ასევე სახელმწიფო ქონების შეძენა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით, Log-in Georgia პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი საქართველოს 1000-მდე სოფლისა და დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაცია, სოფლად მცხოვრები 500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა, ასევე, ციფრული უნარების განვითარება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა. Log-in Georgia-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას" კომუნიკაციების კომისია ახორციელებს. ტრენინგები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყო. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" მიზანია ინტერნეტის პოპულარიზაცია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ ელექტრონული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და შესაბამისი კურსების შეთავაზება. „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების გამოყენების ხელშეწყობას და საჯარო უწყებების ჩართულობას აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში.