6-07-2022
კარგი პრაქტიკა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან დაახლოებით, 12-14 წელიწადი სჭირდება ხოლმე წევრობას, შესაბამისად, ჩვენ გვიჩნდება იმის პერსპექტივა, რომ თუ დეკემბერში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, სადღაც 2032-2034 წლისთვის შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„პროგნოზები, რაც უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კეთდება, მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ჩვენ მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ჩვენზე ადრე მიენიჭა, პოლიტიკური მიზეზების გამო, უკრაინა და მოლდოვა ყველა თვალსაზრისით ბევრად ჩამორჩება საქართველოს. ეს ეხება დემოკრატიას, კონსტიტუციურ სისტემას, ადამიანის უფლებების დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკურ გარემოს, საგარეო ვაჭრობას და ა.შ. ყველა ამ მიმართულებით, ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩვენ ერთი თავით მაღლა ვდგავართ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, როდის მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ შეგვიძლია, ბევრად უფრო ადრე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ უკრაინის შემთხვევაში საუბარია 2050 წელზე, კარგი პრაქტიკა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან დაახლოებით, 12-14 წელიწადი სჭირდება ხოლმე წევრობას. პროგნოზი მონტენეგროსთან და სერბეთთან დაკავშირებით, რაც არის კარგი მაგალითი, არის სწორედ 12-14-წლიანი. შესაბამისად, ჩვენ გვიჩნდება იმის პერსპექტივა, რომ თუ დეკემბერში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, სადღაც 2032-2034 წლისთვის შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, მაგრამ სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, პრაქტიკა ასეთია – სადღაც, 12-14 წელი სჭირდება ხოლმე ამ ყველაფერს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მართალია, ევროკავშირის წევრობა ძალიან შორი პერსპექტივაა, მაგრამ არის კონკრეტული და მკაფიო პერსპექტივა, რაც ქვეყანას აქვს.
„აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანდიდატის სტატუსი მისაღებად. გვჭირდება სტრატეგიული მოთმინება, მათ შორის, ამ მიმართულებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ზუსტად ასე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ოთხი მიღწევა აქვს და ათი წლის თავზე იმედია, მეხუთე მიღწევაც ექნება.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა და ვიზალიბერალიზაცია, რითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. მეოთხე მიღწევა არის ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება და მეხუთე, ეს იქნება კანდიდატის სტატუსი, რაც იმედი გვაქვს, დეკემბერში იქნება. ჩვენ თანმიმდევრულად ვივლით იმ მიზნისკენ, რასაც ჰქვია ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.