გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, ევროპულმა საბჭომ არ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება პოლარიზაციის წამახალისებელი მოვლენა

6-07-2022

308 ევროპარლამენტარმა, ზოგმა ნებსით და ზოგმა უნებლიეთ, ამ რეზოლუციის მხარდაჭერით მხარი დაუჭირა პოლარიზაციას საქართველოში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.


„იგივე, როდესაც საუბარია ე.წ პოლიტპატიმრების, ანუ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებაზე, ნებისმიერი ასეთი განცხადებაც, რა თქმა უნდა, არის პოლარიზაციისკენ მიმართული და იძლევა ახალი სპეკულაციების წამოწყების საშუალებას. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი განცხადება და მით უმეტეს, რეზოლუცია, რა თქმა უნდა, წყალს ასხამს იმ წისქვილზე, რასაც პოლარიზაცია ჰქვია. ეს ცალსახად ასეა“, – განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ ევროკავშირს არ აქვს იგივე სურვილი, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ასახული, თუმცა რეალობა სამწუხაროა.


„თავისთავად, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება ასევე იყო პოლარიზაციის წამახალისებელი მოცემულობა. ეს ხომ ფაქტია?! ოპოზიციამ ყველანაირად სცადა, ეს გადაწყვეტილება პოლარიზაციისთვის გამოეყენებინა. თეორიულად რომ წარმოიდგინოთ, რომ ჩვენ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი დათქმებით, როგორც უკრაინას და მოლდოვას დაუწესდა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პოლარიზაციის ხარისხი რადიკალურად შემცირდებოდა. ვინმეს თუ სურდა პოლარიზაციის შემცირება, მაშინვე მოგვანიჭებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს არ, თუ ვერ იქნა გათვლილი“, – განაცხადა კობახიძემ.


ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დეკემბერშიც ზუსტად იგივე იქნება, როცა ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხს გადაწყვეტს.


„თუ ევროპული საბჭო გადაწყვეტს, რომ ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას, ვითარების განმუხტვას და პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ რელსებზე გადაყვანას, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. პოლიტიკურად, ცალსახად ასე ჯობია ქვეყნისთვის. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება პოლარიზაციის წამახალისებელი მოვლენა. ჩვენ იმედი გვაქვს, ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სწორედ რომ დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და არა პირიქით, პოლარიზაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.