6-07-2022
ჩვენ წარმოვადგინეთ დეტალური გეგმა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. ეს გეგმა არ ტოვებს არავითარ კითხვის ნიშანს, აქედან გამომდინარე კორექტირების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მისი თქმით, გეგმაში დეტალურად არის გაწერილი პასუხისმგებელი სუბიექტები და ეჭვს ვერავინ შეიტანს იმაში, რომ აქ რაიმე ლოგიკაა დარღვეული, ერთი მარტივი მიზეზის გამო, გარკვეული კანონებია მისაღები.
„ძირითად ეს 12 პუნქტი უკავშირდება გარკვეული კანონების მიღებას სხვადასხვა სფეროში. ტრადიციულად, შესაბამისი კანონები განიხილება შესაბამისი კომიტეტების მიერ. უმეტეს შემთხვევაში ეს არის იურიდიული კომიტეტი. მაგალითად, ეს უკავშირდება სასამართლოს შესახებ კანონმდელობას, ანტიკორუფციულ კანონმდებლობას, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას და აშ. ასევე არის გარკვეული საკითხები, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა კომიტეტს, საპროცედურო კომიტეტს და ა.შ. გარკვეული თემები ატანილია პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე. ლოგიკურად გადანაწილებულია თემები პასუხისმგებელი სუბიექტების მიერ. რადგან კანონმდებლობას ეხება, უმეტეს ემთხვევაში ეს სუბიექტები არიან საპარლამენტო სუბიექტები და უმეტესად საპარლამენტო კომიტეტები.
გარდა ამისა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ გავწერეთ კონკრეტული ვადები, რა ვადაში უნდა შესრულდეს ესა თუ ის ამოცანა. აქ წარმოდგენილია როგორც კანონპროექტის ინიცირების, ასევე შესაბამისი კანონის საბოლოოდ მიღების ვადები. აქედან გამომდინარე, გეგმა ობიექტურად არ ტოვებს არავითარ კითხვის ნიშანს, დეტალურად წერია, ვინ რას აკეთებს და როდის აკეთებს. აქედან გამომდინარე, კორექტირების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიუხედავად, პირველი რეაქცია, რაც მოვისმინეთ როგორც შესაბამისი პარტიების, ასევე ენჯეოების მხრიდან, იყო ნეგატიური.
„უფრო მეტიც, სამწუხაროდ, აბსურდული განცხადებებიც მოვისმინეთ იმის შესახებ, რომ თურმე არავითარი სამუშაო პროცესი არ სჭირდება ამ პუნქტების შესრულებას. მანამდე ამბობდნენ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობაც კი უნდა ჩამოყალიბებულიყო. ცალკე ტექნიკური მთავრობა ყალიბდებოდა იმისთვის, რომ ეს პუნქტები შესრულებულიყო, ახლა ამბობენ, რომ თურმე სამუშაო ჯგუფებიც კი არ არის საჭირო ამ პუნქტების შესასრულებლად. აქ არის ძალიან მარტივი რამ - რეალურად ჩვენ გვაქვს სუბიექტური ინტერესიც, გარდა იმისა, რომ არსებობს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ გვაქვს სუბიექტური ინტერესი როგორც ხელისუფლებას, კანდიდატის თემაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, რომ ქვეყანამ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, იმ პოლიტიკურ ძალებს, საუბარია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილზე და მათთან დაკავშირებულ ენჯეოებზე, ამოძრავებს რადიკალურად განსხვავებული ინტერესი - საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში ხედავენ ერთადერთ შანსს იმისა, რომ რაღაცნაირად არიონ სიტუაცია, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და სადამდეც მიდის ეს ყველაფერი, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ეს ყველაფერი უკავშირდება სამწუხაროდ ომის თემას, ეს ომი იქნება საბედისწერო ჩვენი ქვეყნისთვის, ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვერც არეულობას და ვერც ომს. აქედან გამომდინარე, ობიექტურად ალტერნატივა არ აქვს იმ გეგმას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ დარჩნენ იმ რადიკალურ დღის წესრიგში, რომელშიც იყვნენ დღემდე, თუმცა, ამის დიდი რესურსიც არ აქვთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.