6-07-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და IMF-ს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული ახალი პროგრამის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე.
ასევე, განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მაკროეკონომიკური პარამეტრები. აღინიშნა, რომ საქართველო ინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას და იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ია.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის. მათ შორის, ხაზი გაესვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა ჯიჰად აზურს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და იმ სამუშაოებისათვის, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის ახორციელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე ფრანსისკო პაროდი და IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი დაესწრნენ.