7-06-2018
პოლიტიკური პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარემ სერგეი შამბამ ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისია და „თუ უახლოეს დროში მოქმედი მთავრობა გონს არ მოეგება და საგანგებო ზომებს არ მიიღეს, სიტუაცია ქვეყანაში უკონტროლო გახდება“. ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ის გალის მოსახლეობის ინტეგრაციას მიიჩნევს, წერს „აბხაზია ინფორმი“.
„მე კარგა ხანია ვამტკიცებ იმას, რომ გალის მეგრელების პრობლემა მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურებით და პასპორტების მასობრივი დარიგებით ან ამოღებით ვერ გადაწყდება . ამ რაიონის მოსახლეობის ინტეგრაციის პრობლემა არა მარტო ჩონოვნიკების ძალისხმევით, არამედ ქვეყნის ინტელექტუალური ელიტის ძალებით უნდა მოგვარდეს. ჩვენი რესპუბლიკისთვის მთავარი საშიშროებაა, რომ გალის რაიონი ჩვენს ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს ანკლავად არ იქცეს “,- განაცხადა შამბამ.
ხაჯიმბას მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას, ის გიორგი ლუკავას გათავისფულების ფაქტსაც შეეხო, რასაც, თავის დროზე, აფხაზური საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მისი თქმით, „ხალხის აღშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ იმან, რომ ტერორისტი გაათავისუფლეს, არამედ იმანაც, რომ ეს ხელისუფლების მიერ ვეტერანებისა და მათი ოჯახების მიმართ გატარებული პოლიტიკის ფონზე მოხდა“.
სერგეი შამბამ, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის გალში ჩატარებული კონცერტიც გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, ძალიან „სპეციფიურად გამოიყენა თბილისმა“.
„შესაძლოა, სხვა დროს ამ ინცინდენტისთვის ყურადღებაც არ მიექციათ, თუმცა, ამ ისტორიაში, როგორც სარკეში გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამჟამინდელმა მთავრობამ წარმოშვა - ესაა გალის რაიონში არსებული სიტუაცია“, - განმარტა „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერმა.
ოპოზიციურმა პარტია "ამცახარამ" დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციური ძალები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. ისინი ხაჯიმბას კორუფციასა და წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, „მან ვერ ჩამოაყალიბა ქმედითუნარიანი მთავრობა, არ გაატარა დაპირებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რამაც აფხაზეთის მოსახლეობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა“.
„ამცახარას“ მორიგი, მეათე ყრილობა, სოხუმში 5 ივნისს გაიმართა, მას 600 დელეგატი და სტუმარი ესწრებოდა.
რადიო "ათინათი"