8-07-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდნენ, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნენ.
გურიის და აჭარის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა ურეკის კულტურის სახლში, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის რეგიონში ქეთევან მოისწრაფიშვილი დაესწრნენ.
გიორგი ხანიშვილმა რეგიონებში არსებული ვითარების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ, ამ პერიოდში, მთავარი გამოწვევა უამინდობასთან დაკავშირებული რისკებია, რამაც, შესაძლოა, ფაროსანას და სხვა მავნებელ-დაავადებებისგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების, განსაკუთრებით კი, თხილის მოსავლის დაზიანება გამოიწვიოს. გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა ფერმერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და ადგილობრივი თვითმმართველობების როლს მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესში.
„შეხვედრაზე, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე თხილის მოსავალთან დაკავშირებული რისკების საკითხები განვიხილეთ. თითოეულმა ფერმერმა მაქსიმალურად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ხარისხიანი და დიდი რაოდენობის მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია დადგენილი სქემის მიხედვით წამლობების ჩატარება. მინდა მოვუწოდო ფერმერებს, გააკეთონ მაქსიმუმი დარჩენილ პერიოდში, გამოიყენონ მშრალი ამინდები და ჩაატარონ წამლობები, მათ შორის, ფაროსანას წინააღმდეგ“, -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
დასავლეთ საქართველოში, ფაროსანას მონიტორინგის, კონტროლის და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მობილიზებულია ყველა რესურსი და გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მუდმივ რეჟიმში იმართება შეხვედრები მეფუტკრეებთან და მეთხილე ფერმერებთან.
ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - parosana.ge.