7-06-2018
მოვითხოვთ, დაისაჯონ ჩვენი შვილის მკვლელები-ამ მოთხოვნით ოზურგეთსა და ჩოხატაურში შვილმოკლულმა მშობლებმა აქციები გამართეს და ზაზა სალარიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მომხდარ ფაქტებზე მიმდინარე არასწორ გამოძიებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც დამნაშავეები დღემდე დასჯილები არ არიან, "გურიის მოამბესთან" იმ ოჯახების წარმომადგენლები საუბრობენ, რომლებიც მომხდარი ტრაგედიების შემდეგ, წლებისა და თვეების განმავლობაში მკვლელების დაკავებას უშედეგოდ ელოდებიან:
ჩოხატაური - იამზე რამიშვილი, როლანდ რამიშვილის დედა : „მე 21 წელია უკვე, რაც სამართალს ვეძებ. ჩემი შვილი ფიზკულტურის მასწავლებელი იყო, აფხაზეთის ომში იყო გაწვეული მხოლოდ ერთი კვირით. მერე ყარყარაშვილმა დააბრუნა უკან, ჩემმა შვილმა წამოიღო იარაღი - ავტომატი. იმ არეულობის დროს ვერ ჩააბარა ეს ავტომატი და გვქონდა სახლში. მე ყოველთვის ვეუბნებოდი და ვთხოვდი- შვილო ჩააბარე მეთქი, იყოსო კაცო, დადგება დრო და ჩავაბარებო. ამ იარაღის გამო დაიბარეს უშიშროებაში, ელგუჯა ცინცაძე იყო მაშინ უშიშროებაში. ერთ დღეს რომ დაიბარეს უშიშროებაში და საღამოს მოვიდა, ძალიან ცუდად იყო, ცოლმა თქვა ტიროდაო, მაგრამ მიზეზი არ თქვაო, მეორე დღეს აგვისტოს კი გაქრა. ეს იყო 1997 წლის 26 აგვისტოს. ეს დაწყევლილი დღე სამარეში რომ ჩავალ მერე შეიძლება დამავიწყდეს. იმის მერე არ გვინახავს, ათასი მითქმა-მოთქმა იყო , მაგრამ ვერსად ვერავინ ნახა. ავთანდილ ვასაძე იყო მაშინ პოლიციის უფროსი და ამტკიცებდა ეს თვითმკვლელობა იქნებაო. ამის საპირისპიროდ, ვინც ჩემი შვილი დაიბარა ამბობდა, რომ ის გაწონასწორებული ადამიანი იყო და ის თავს არ მოილავდაო. მაშინ მატყუებდნენ ტელევიზორში გამოვაცხადეთ, რომ დაკარგულიაო. შუქი ვის ქონდა მაშინ, მე ტელევიზორიც არ მქონდა. ყველაფერს მატყუებდნენ. შემდეგ სამტრედიის რაიონის სოფელ ქვაყუდეში ნახეს ცხედარი და ვითომ ექსპერტით დაამტკიცეს, რომ ეს იყო როლანდ რამიშვილი. ამ საქმეს იძიებდა მამუკა კვერნაძე, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ საქმე გაეხსნა, მაგრამ გააჩერეს, საერთოდ მოაშორეს აქაურობას და ოზურგეთში გადაიყვანეს. ჩემი შვილის საქმე კი ისეც დაუხურავია და თაროზე დევს. მე ვთხოვ მთავრობას, ეს იყო შევარდნაძის პერიოდი. მე არ მაქვს პოლიტიკასთან საქმე, მაგრამ ადამიანები ხომ უნდა ვიყოთ და დამეხმარეთ გთხოვთ, იქნებ შეიძლება რამის გამოძიება, იარაღი ვინც წაიღო, ის ხომ იყო ცოცხალი. ვეხვერწებოდი მაშინ დაკითხეთ ის კაცითქო. ასეთია ჩემი მდგომარეობა. განადგურებული ვართ მთელი ოჯახი იმ დღის შემდეგ. გაირკვეს ვინ გაისვარა ჩემი შვილის სისხლში ხელები. ვითხოვ სამართლიანობას და მკვლელის დასჯას.“
ოზურგეთი - გულიკო ათაბაგი - ირაკლი ტარიელაძის დეიდა - „დღეს, 8თვის თავზე ირაკლის გარდაცვალებიდან, შევიკრიბეთ პროკურატურასთან, რათა მოვითხოვოთ სამართალი. ირაკლის მკვლელობა მოხდა მიწის ტენდერის გამო. ეს თემა საერთოდ გადაეს გვერდიტ, გამოძიება დაიწყეს მესამე დღიდან და ერთხელ რომ დაკითხეს, მერე არ სეუწუხებიათ თავი, ტკეპნიან ერთ ადგილს. დღემდე, ირაკლის საქმე გამოუძიებელია. სამართალი ვერსად ვიპოვეთ. უკვე თაროზე აქვთ შემოდებული საქმე. ერთი ნაბიჯით წინ არ არიან წასულები, რამე ხომ უნდა შეიცვალოს, რამე იმედი ხომ უნდა მოგვცენ. რამე იმედის მარცვალი მაინც მოგვცენ რომ მკვლელს დასჯიან. არანაირი ნისანი არ ჩანს იმის, რომ საქმის გამოძიებას აპირებენ. არ გვაქვს არაფრის იმედი. გთხოვთ, გეხვერწებით ყველას, რომ დაგვეხმაროთ, დაგვიდექით გვერდში, ეს უბედურება ყველას შეიძლება დაემართოს. გავიგოთ სიმართლე, დაისაჯონ მკვლელები. არ მივცეთ ამ შანტაჟისტებს მკვლელების დაცვის უფლება. ერთმანეთის გვერდით დავდგეთ ხალხო და გავიმარჯვებთ ჩვენ. სირცხვილია ხალხო. რატომაა ეს საქმე გაუხსნელი? ვერ ვხვდებით ვის აფარებენ ხელს. მკვლელები ისე დადიამ ოზურგეთში, ვითომც არაფერი, პოლიცია კი გაუნძრევლად დგას. ვთხოვთ, ყველა საგამოძიებო ორგანოს, თუ მართლა არსებობს სამართალი ქვეყანაში, გამოძიონ, თორემ შევაკვდებით ამ საქმეს ჩვენ“
ნანული ტარიელაძე - მოკლულის დედა : „მოვითხოვ, დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელები. იცის მთელმა ოზურგეთმა, ვინც მომიკლა შვილი, მაგრამ ხელს აფარებენ. რატომ, რატომ უნდა დააფარო მკვლელს ხელი? დღეს თუ ჩემი შვილი მოკლა, ხვალ შენ შვილს მოკლავს. სამართალს ვითხოვ, სხვა არაფერი არ მინდა. მკვლელები გვემუქრებიან და გვაშინებენ, გუშინ, ჩამიარა მათმა მანქანამ და თან ისროლეს. სროლით ცდილობენ ჩემს შეშინებას, მაგრამ ამით ვერ შეგვაშინებენ. მე ირაკლის სამართალს არ დავთმობ. მაიძულებენ, რომ ირაკლის შექმნილი და ნაწვალები ოჯახი დამატოვებინონ. არ დავუთმობ მათ ირაკლის ნაწვალებს და ნაშრომს. 2017 წლის ოქტომბერში მომიკლეს შვილი, 8 თვე გავიდა. დასაჯონ ჩემი შვილის მკვლელები.“
ირმა ფუტკარაძე - გარდაცვლილის და : „უპირველეს ყოვლისა, ვუთანაგრძნობ ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმკვდარ მშობელს, მათ დღეში ვართ ჩვენც. 8 თვეა უკვე გასული ჩემი ძმის მკვლელობიდან. ყველამ იცის, გავლენიანი პიროვნებაა, შავი სამყაროს წარმომადგენელია და ხელს აფარებს პროკურატურა. გვეუბნებიან, არ გვაქვსიმის მტკიცებულებები, რომ გავასამართლოთო. მკვლელის მხრიდან ჩვენ მიმართ ადგილი აქვს შანტაჟს, გვაშანტაჯებენ, აქციაზე თუ გახვალთ, მოგკლავთო. მივმართავ დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩაერთოს ირაკლი ტარიელაძის გამოძიების საქმეში, რადგან ოზურგეთის პროკურატურიდან დაწყებული ყველა ხელს აფარებს მკვლელებს. ვითხოვთ სამართალს. ერთი პროკურორის გადადგომა ცვლის რამეს? მთლიანი სისტემის ჩამოშლას ვითხოვთ, ოზურგეთიდან ყველა შევუერთდებით ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებს. რეგიონებში უარესი ხდება მკვლელობების და გამოუძიებელი საქმეების მხრივ. საკუთარ ეზოში, მიწის ნაკვეთის გამო მომიკლეს ძმა.“