11-07-2022
თუ ომი დაიწყო, არსებობს უდიდესი საფრთხე, რომ მეორე დღეს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, აღარ იარსებოს... - ამბობს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
როგორც თორნიკე შარაშენიძე აღნიშნავს, ზოგიერთი ამ საპროტესტო აქციებზე ამყარებდა ილუზორულ იმედს, რომ "ოცნება" გაიქცეოდა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებდნენ და ა.შ., მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა და "ოცნებამ" თავი უფრო ძლიერად იგრძნო.
კითხვაზე, - გაუგებარია "ქართული ოცნების" პოზიციაც. ერთი მხრივ, ისინი აცხადებენ, რომ ამ 12 პუნქტის შესრულებისთვის მზად არიან, ამავდროულად კი თავს ესხმიან ევროპელ პოლიტიკოსებს. შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნებიდან" ამისთვის გამოყვეს სამი დეპუტატი, რომლებიც თითქოს საკუთარი ინიციატივით ლამის ყოველდღიურად შეურაცხყოფის ზღვარზე ლაპარაკობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. ახლახან გამოქვეყნდა დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისადმი, რომლის ტონიც სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იყო, რაც აღნიშნა კიდეც ქალბატონმა დეგნანმა საპასუხო განცხადებაში. რას ცდილობს "ქართული ოცნება" ამ ორმაგი თამაშით და შანტაჟის ენით? გავიხსენებ ირაკლი კობახიძის ერთგვარ ულტიმატუმსაც, რომ ხელისუფლება თურმე საარჩევნო ბარიერს მხოლოდ სტატუსის მინიჭების შემდეგ დასწევს... ასევე მოვისმინეთ განცხადება, საქართველომ ომი რომ დაიწყოს, მეორე დღესვე მოგვცემენ სტატუსსო, ანუ ვითარებას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ევროკავშირი გვიბიძგებს ომისკენ...- თორნიკე შარაშენიძე პასუხობს:
„თქვენი კითხვის ბოლო ნაწილიდან დავიწყებ და გეტყვით, რომ თუ ომი დაიწყო, არსებობს უდიდესი საფრთხე, რომ მეორე დღეს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, აღარ იარსებოს... რაც შეეხება შანტაჟის ენას, ეს განცხადებები გაკეთდა მას მერე, რაც ხალხმრავალმა მიტინგებმა შედეგი ვერ მოიტანა. ზოგიერთი ამ საპროტესტო აქციებზე ამყარებდა ილუზორულ იმედს, რომ "ოცნება" გაიქცეოდა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებდნენ და ა.შ., მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა და "ოცნებამ" თავი უფრო ძლიერად იგრძნო, შანტაჟიც კი დაიწყო... მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: ვერავინ ვერაფერს გვაკლებს, მოგვეცით სტატუსი და დავწევთ ბარიერს; თუ არ მოგვცემთ, არ დავწევთ ბარიერს და კიდევ კარგა ხანს დავრჩებით ხელისუფლებაშიო. სხვა საკითხია, როდემდე გაუმართლებს ამგვარი პოზიცია "ქართულ ოცნებას," მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს ასე თამაშობს, რაც ისევე არასწორია, როგორც ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ ყველაფრის შედეგად ქვეყანა ზიანდება, რაც ძალიან სამწუხაროა“ - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.