11-07-2022
ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს მთავრობის მუშაობის შედეგია.
„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, განახლება მოხდა და ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. მაშინ, როდესაც ჩვენი ასოცირებული ტრიოს წევრები ახლა იწყებენ მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმაზე და ა.შ. ამის გაუმჯობესებაზე, ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით. პირველ ადგილზე გავიდა საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო საერთაშორისო სავალუტო ფონმა რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარი წინასწარი შეფასება და პროგნოზები. აქაც, 190 ქვეყანას შორის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ამერიკულ დოლარში გამოხატული, ზრდის ტემპის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზე დასახელდა ჩვენი ქვეყანა, ხოლო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე არის დასახელებული საქართველოს პოზიცია. აქვე, მინდა ვთქვა, რომ "ჯიდიპი პერკაპი" და ე.წ. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მომდევნო 6 წლის განმავლობაში გაორმაგდება და დაახლოებით, მათი შეფასებით, 9 000 დოლარს გადასცდება 2027 წლისთვის.
ეს ყველაფერი ძალიან დიდი მუშაობის შედეგია ჩვენი მთავრობის, მთლიანი ჩვენი გუნდის, მმართველი პარტიის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.