12-07-2022
ძალიან მოკლედ მინდა გამოვეხმაურო 2011 - 2012 წლებში „ქართუ ჯგუფიდან“ ადამიანების წასვლის ფაქტს, რაზეც თავის წერილში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მაშინ მეც „ქართუს“ თანამშრომელი ვიყავი და კარგად მახსოვს ზეწოლა და მუქარა, რომელიც თითოეული ჩვენგანის მიმართ ხორციელდებოდა - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"პირადად მე ქონებაც კი დამიყადაღეს, რაც ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. ამ სტრესს რომ ვიღაცამ ვერ გაუძლო, ამისთვის ვერც მე დავადანაშაულებ ვერავის და ეს ადამიანები არც პრემიერს დაუდანაშაულებია. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ის ირაკლი ღარიბაშვილმა წერილში დადებითად მოიხსენია და პროფესიონალად დაახასიათა. „ქართუს“ თანამშრომლებს კარგად ახსოვთ, რომ გიორგიმ ჯგუფი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლის შემდეგ დატოვა.
მოგვიანებით, მან თქვა, რომ ვიღაცამ „ქართუს“ დატოვება ბიძინა ივანიშვილის სახელით ურჩია. რატომ არ გადაამოწმა გიორგიმ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან, ვერ გეტყვით. თუმცა, ამაში ჩაღრმავების დრო დღეს ნამდვილად აღარ არის, მით უმეტეს, რომ გიორგი პოლიტიკურ პროცესებს ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე შემოუერთდა. ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მაგალითი მხოლოდ იმ მიზნით გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა, რომელიც თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნისას, პირველ რიგში, მათ პროფესიონალიზმს ანიჭებდა უპირატესობას!!!" - წერს მათიკაშვილი.