13-07-2022
,,რამდენიმე დღე გავიდა, მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილმა დასვა კითხვები ქალბატონი კელი დეგნანის მისამართით, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, თუ რას ფიქრობს მთავარი პარტნიორი ქვეყნის ელჩი საქართველოში,’’ - განაცხადა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს კითხვებზე პასუხები და კითხვები არ შეიძლება ვინმემ აღიქვას შეტევად. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, იზიარებს თუ არა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ე.წ. ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას.
,,კითხვები მნიშვნელოვანია, რამეთუ ის პრაქტიკულად იქნება საზომი დასავლური ღირებულების სიმყარის ქვეყანაში. ეს სჭირდება საზოგადოებას, რომ მან იცოდეს თუ რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას. ხომ არ არის ის თამაშის მსხვერპლი? თამაშის, რომელიც შესაძლოა, გულისხმობდეს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას იმ ხელისუფლებით, რომელიც იქნება მორჩილი და არ გაითვალისწინებს უმაღლეს რანგში მთავარს - საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესს. ან ხომ არ არის უარესი თამაშის ის ნაწილი, როცა დასავლეთი გარკვეულწილად ვაჭრობს რეგიონში და სცენარის ნაწილი შესაძლოა იყოს საქართველოს დათმობა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ერთიც და მეორეც, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. მე ვფიქრობ, კითხვების დასმა არ შეიძლება ვინმემ აღიქვას შეტევად, კითხვები ისმევა იმ შემთხვევაში, როცა გაინტერესებს პასუხი და ეს პასუხი არის მნიშვნელოვანი ქვეყნისა და საზოგადოების ხვალინდელი დღის პერსპექტივისთვის. ამიტომ ჩვენ დავსვით კონკრეტული კითხვები:
რუსული პოლიტიკისათვის სასარგებლო ომის რიტორიკას ემხრობა თუ არა ქალბატონი კელი დეგნანი;
ემხრობა თუ არა ხელისუფლების შეცვლას ე.წ. ტექნიკური მთავრობით და ის ემხრობა თუ არა იმდაგვარ დეპოლარიზაციას, რომ ბიძინა წავიდეს და მიშა მოვიდეს.
ეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რამეთუ წარსული მას არ დავიწყებია, ის სიმძიმეები, რაც ყოფილი ხელისუფლების დროს იყო და კიდევ ერთხელ ვამბობ, დღევანდელი ხელისუფლება გამოირჩევა სხვა ხელისუფლებებისაგან, რადგან ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს, უპირველესად საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების ინტერესებისგან გამომდინარე და, თუ ეს ვინმეს არ აწყობს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს საზოგადოებას და ქვეყანას,’’ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.