გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირლანდია ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა აქვს და მას ჩვენი დახმარება სჭირდება

14-07-2022

"ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელიც შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ ევროპაში ძალიან სტრატეგიული მდებარეობა უკავია და ამ ქვეყანას სჭირდება ჩვენი დახმარება, მხარდაჭერა და სოლიდარობა"- ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვენმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს, სენატორ გარი განანის კითხვაზე პასუხად განაცხადა. სენატორმა შეკითხვით მიმართა ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს და დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ირლანდიის მთავრობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.


ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, არამედ პირიქით, მინისტრის შეფასებით, ეს ნიშნავს ამ ქვეყნისთვის კარის გაღებას:


"ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, პირიქით, ეს ნიშნავს კარის გაღებას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ განვმარტავთ თუ რა რეფორმების გატარებაა საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მაგრამ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება განსხვავდება უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით იმავდროულად მიღებული გადაწყვეტილებებისგან, ეს იწვევს გულის გატეხვას; თუმცა მე ვარწმუნებ ქართველებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ირლანდია ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია." - აღნიშნა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


მინისტრის თქმით, ირლანდიას სურს მშვიდობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვთ და საქართველო, მისი განცხადებით, ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია.


"გაწევრიანების პროცესი რთული და ხანდახან გაჭიანურებულია, მაგრამ იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მაინც გაირკვევა, თუ რა უნდა გააკეთონ მათ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად." - განაცხადა ირლანდიის პირველმა დიპლომატმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს.