15-07-2022
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში, 188,000 ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა აგრობარათი უკვე გააქტიურა; სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 22,872,676 ლარი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.
აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.
აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro
პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა (1501) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით.