18-07-2022
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რაჭაში, სამონადირეო მეურნეობის შექმნასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.
„დავიწყებ იმით, რომ არ მომხდარა ტერიტორიების გასხვისება, საუბარი არ არის გასხვისებაზე, არამედ, საუბარია კომპანიისთვის სალიცენზიო პირობების შესაბამისად გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე, რომელსაც ახლავს ძალიან ბევრი ვალდებულება.
პირველი, რაც უნდა აღინიშნოს - ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობას არ ექნება უფლება ტყეში შესვლის და სხვადასხვა რესურსით სარგებლობის, არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ეს შეგვიძლია ვნახოთ სალიცენზიო პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება მოსახლეობის უფლება, თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, მოიპოვოს არამერქნული რესურსი. გარდა ამისა, ლიცენზიის პირობებით, ლიცენზიანტს აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას ტყე უკანონო ტყითსარგებლობისგან, ხანძრისგან, დაიცვას ჰაბიტატები, სახეობები; ასევე, განახორციელოს ინვესტიცია პირველი 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 5 მილიონი ლარის ფარგლებში და, ამ ინვესტიციის ფარგლებში, განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც უნდა დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. სალიცენზიო პირობებში პირდაპირი ვალდებულებაა, რომ 80 პროცენტი დასაქმებულების უნდა იყოს ადგილობრივი. შესაბამისად, ვფიქრობთ, სალიცენზიო პირობები უზრუნველყოფს იმას, რომ დავიცვათ ტყე და ჩვენი ბუნებრივი რესურსები და, ამავდროულად, შევქმნათ ადგილობრივი მაცხოვრელებისთვის პირობები და ეკოტურისტული მიმართულების განვითარების შესაძლებლობები.
ეს არ არის პირველი შემთხვევა. კომპანია ვალდებულია, ლიცენზიის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა; მანამდე კომპანიას არა აქვს უფლება ღონისძიებები გაატაროს, გარდა ტყის დაცვითი ღონისძიებებისა. წარმოდგენილი უნდა იყოს სრული ნუსხა, თუ რის გაკეთებას აპირებს, როგორ იქნება ის პროექტები, რომელსაც ის განახორციელებს და რა იქნება თანამონაწილეობა“. - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განმარტებით, 2003 წლიდან 16 სამონადირეო მეურნეობაზე არის გაცემული ლიცენზია ქვეყნის მასშტაბით და ყველა შემთხვევაში კომპანია ლიცენზიის აღების შემდეგ წარმოადგენს მართვის გეგმას, რომელსაც განიხილავს სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. ოთარ შამუგიას განცხადებით, ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი და ადგილობრივი მოსახლეობა.
„მათთან შეთანხმებით უნდა შედგეს ის გეგმა, რომელიც შემდგომ უნდა განახორციელოს ლიცენზიის მფლობელმა. შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები. ეს პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე. პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა - ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მათი ინტერესები“. - განაცხადა ოთარ შამუგიამ.