გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

19-07-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე. აქვე, ხაზი გაესვა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.


საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. ხაზი გაესვა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის და შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტებში.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ 2021 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვა 18.5%-ით გაიზარდა და 115 000 მლნ დოლარამდე შეადგინა. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე, მათ შორის, ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების საექსპორტო მოცულობების შემდგომი გაზრდით.


მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი საწარმოების შექმნაზე. ასევე, განიხილეს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა უზბეკეთისთვის, რათა მისი პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოხვდეს.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს ისტორიულად ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ.


„ჩემთვის დიდი პატივია უზბეკეთში ყოფნა. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი და, პირველ რიგში, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ასეთი თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის.


ჩვენ, საქართველოს და უზბეკეთს, ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ვიზიტის მიზანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და სხვა დონეზე ავიყვანოთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გუშინ ჩვენ ვიმსჯელეთ ძალიან ბევრ საკითხზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები.
საქართველო და ქართველი ხალხი თქვენი მეგობარია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გელით თბილისში", - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.


აბდულა არიპოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უზბეკეთში ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში.


„ბატონო ირაკლი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში, ძვირფასო მეგობრებო, სტუმრებო, გულწრფელად მოხარული ვართ, მოგესალმოთ თქვენ და ქართულ დელეგაციას სტუმართმოყვარე უზბეკეთში. უზბეკეთში თქვენ კარგად გიცნობენ როგორც გამოცდილ და ენერგიულ ლიდერს. თქვენი ხელმძღვანელობით მიიღება ეფექტიანი ზომები ეროვნული ეკონომიკის განსავითარებლად. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია უზბეკეთში და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა უზბეკეთ-საქართველოს ურთიერთობებში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უზბეკეთში. გაუმარჯოს უზბეკეთისა და საქართველოს მეგობრობას", - აღნიშნა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა.